შრომის უსაფრთხოების თემაზე დღეს კონფერენცია გაიმართება
შრომის უსაფრთხოების თემაზე დღეს კონფერენცია გაიმართება

„შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა – ახალი რეალობა და გამოწვევები“ – ამ სახელწოდებით კონფერენცია ხვალ დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართება. ღონისძიება 10:00 საათზეა ჩანიშნული.

დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობას ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესომბუდსმენი და კონკრეტული ბიზნესსუბიექტები მიიღებენ.

მხარეები იმ გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ, რომლებიც შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის დამტკიცებას მოჰყვება.

კონფერენციის მიზანია, პოზიციების გამოხატვისა და შეჯერების შედეგად, ბიზნესსექტორმა შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულების მექანიზმის შემუშავების პროცესში საკუთრი პოზიცია წარადგინოს და ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის მიხედვით, მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად უახლოეს სამ თვეში, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები უნდა შემუშავდეს, რისთვისაც ამ თემით დაინტერესებულ მხარეებს შორის უახლოეს პერიოდში საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება. დაგეგმილი კონფერენცია და მის შედეგად შემუშავებული დოკუმენტი აღნიშნული პროცესის დასაწყისია.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ორგანიზაცია, კანონის აღსრულების მექანიზმის შემუშავების კუთხით, უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან/ექსპერტებთან ერთობლივი მუშაობით, უკეთესი პოლიტიკური პოზიციონირების ჩამოყალიბებაზე მუშაობას იწყებს“, – ნათქვამია დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი