შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები დამსაქმებელთა ასოციაციაში სასერტიფიკატო გამოცდას ჩააბარებენ 
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები დამსაქმებელთა ასოციაციაში სასერტიფიკატო გამოცდას ჩააბარებენ 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ჩააბარებენ გამოცდას სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული იმ სერტიფიკატის მოსაპოვებლად, რომლის ფლობასაც მათ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ავალდებულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გამოცდა მოიცავს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ბრძანებით გათვალისწინებულ ყველა იმ საკითხს, რომლის ცოდნა მოეთხოვება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სპეციალისტებს.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში, საშუალებას აძლევს, გრძელვადიანი კურსის გავლის გარეშე, მხოლოდ გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მოიპოვონ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატის მისაღებად უამრავი მსურველი გვიკავშირდება, მათი გარკვეული ნაწილი მხოლოდ გამოცდის ჩაბარებით არის დაინტერესებული, ხოლო უფრო მეტი სრულ კურსს გადის, რომლის დასასრულს მოიპოვებენ შესაბამის სერტიფიკატს,“ – განაცხადა ლაშა ლაბაძემ.

გამოცდა 16 თებერვალს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.