შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA პროექტი) ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია – „გამოწვევები, შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის“ გაიმართა.

კონფერენციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დახმარებით შეიმუშავა და გამოხატავს დამსაქმებელთა ასოციაციის ხედვებსა და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების სფეროსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

„პირველი სექტემბრიდან კანონი გავრცელდება ყველა სექტორზე და ყველა კომპანიას ექნება ვალდებულება, ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების სისტემა“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ბიზნესი სრულად არ არის მზად, რომ მიიღოს ეს რეგულაციები და დააკმაყოფილოს სხვა მოთხოვნები, რომელთაც კანონი უყენებს.

„ვფიქრობთ, რომ საინფორმაციო ცნობადობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა გაიზარდოს კომპანიებსა და საზოგადოებაში, რომ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შრომის უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ ბიზნეს სექტორი და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, სამინისტრო მზად არის, სრულად მიაწოდოს ინფორმაცია და მხარში დაუდგეს დამსაქმებლებს, რომ შრომის უსაფრთხოების სისტემები ქვეყანაში კარგად ჩამოყალიბდეს.

„კარგი პრაქტიკაა, რომ თვითონ დამსაქმებლებმა და დამსაქმებელთა ასოციაციამ აიღო ინიციატივა, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხზე ესაუბროს თავის წევრებს და ბიზნესებს და მხარდაჭერა გამოუცხადოს თავის წევრებს ასეთი სისტემის ჩამოყალიბებაში. ჩვენ მზად ვართ, სრულად მივაწოდოთ ინფორმაცია და მხარში დავუდგეთ დამსაქმებლებს, რომ შრომის უსაფრთხოების სისტემები ქვეყანაში კარგად ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.