შრომის უსაფრთხოების კანონის არსებული ფორმით ყველა ბიზნესსუბიექტზე გავრცელებას საქართველოს ბიზნესასოციაცია საგანგაშოდ მიიჩნევს
შრომის უსაფრთხოების კანონის არსებული ფორმით ყველა ბიზნესსუბიექტზე გავრცელებას საქართველოს ბიზნესასოციაცია საგანგაშოდ მიიჩნევს

საქართველოს ბიზნესასოციაცია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტის არსებულ რედაქციას, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში ამჟამად მიმდინარეობს, ბიზნესისათვის უკიდურესად სახიფათოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ბიზნესასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს მოქმედი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ უკვე ვრცელდება ბიზნესის ყველა იმ სფეროზე, ყველა კომპანიაზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებთან და ამ გზით უზრუნველყოფილია იმ ადამიანებისათვის უსაფრთხოების გარანტიები, ვინც მსგავს სამუშაოებზე არიან დასაქმებულები.

დღეისათვის დღის წესრიგში დგას კანონის მოქმედების სფეროს გავრცელება აბსოლუტურად ყველა ტიპის საქმიანობაზე, მათ შორის ისეთებზე, რაც არანაირ არსებით საფრთხესთან არაა დაკავშირებული დასაქმებულებისათვის და ამ გზით იგეგმება ქვეყანაში არსებული თითოეული კომპანიისათვის, მეწარმე ფიზიკური პირებისა და ადმინისტრაციული ორგანოებისთვისაც კი, ისეთი სამართლებრივი ტვირთის დაკისრება, რაც დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან“, – აცხადებენ საქართველოს ბიზნესასოციაციაში.

მათივე განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერ კომპანიას, მეწარმე ფიზიკურ პირს, მიკრო თუ მცირე ბიზნესს და ადმინისტრაციულ ორგანოს, მიუხედავად მისი ზომისა და საქმიანობის სფეროსი, მოუწევს ყოველწლიურად ათასობით ლარის გაღება, რათა ისარგებლონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურებით, სამუშაო ადგილებზე პერიოდულად ზომონ და აკონტროლონ გარემო ზემოქმედების ფაქტორები (ტემპერატურა, ტენიანობა, გამოსხივება, საწარმოო ხმაური), შეიმუშაონ და შრომის ინსპექციას წარუდგინონ რისკების შეფასების დოკუმენტები, უზრუნველყონ დასაქმებულები ტრენინგებით და ა.შ.

„ჩვენი ღრმა რწმენით, მსგავსი დაუსაბუთებელი რეგულაციების შემოღება და ფორმალური ვალდებულებების დაკისრება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, პრინციპულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების კონცეფციას და ხედვებს; ეს კი განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, რომ მხოლოდ თეორიული საფრთხეების პრევენციის გამო, ბიზნესსექტორს მოუწევს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დახარჯვა თავის საქმიანობის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და იმ კანონის შესასრულებლად, რომლის განხილვაც ისე მიმდინარეობს, რომ არაა გაანალიზებული მოსალოდნელი ფინანსური შედეგები ბიზნესისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტისათვის“, – აღნიშნულია ბიზნესასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს ბიზნესასოციაცია მოუწოდებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, შესაბამისი ფინანსური ანალიზის გარეშე ნუ მიიღებენ კანონპროექტს არსებული ფორმით.