„შრომის კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მხარს არ დაუჭერს, თუ კანონპროექტში ორ ადგილზე დასაქმების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი დარჩება
„შრომის კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მხარს არ დაუჭერს, თუ კანონპროექტში ორ ადგილზე დასაქმების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი დარჩება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი „შრომის კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ კანონპროექტში ორ ადგილზე დასაქმების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩანაწერი დარჩება.

როგორც საქართველოს პირველ არხს კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, კანონპროექტში ძალიან ბევრი სიკეთეა, რასაც ბევრ ნაწილში უმრავლესობა ეთანხმება, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგობა აქვს მე-16 მუხლის მეხუთე პუნქტთან მიმართებაში, სადაც რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში,  ორ ადგილზე მუშაობა აკრძალული იქნება.

„შესაძლოა, აღნიშნული ჩანაწერი სხვა დროს კარგად იყოს აღქმული, მაგრამ დღეს არსებულ რეალობაში, როცა სახეზეა სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე, მოქალაქეებს აუკრძალო ორ სამსახურში მუშაობა, ეს მათ სოციალურ მდგომარეობას გააუარესებს. კარგ ჩანაწერს კარგი დროის შერჩევა სჭირდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს შეზღუდვა არის მიუღებელი და ჯანდაცვის კომიტეტი მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა ხუნდაძემ.

„შრომის კოდექსში“ ცვლილებები დამოუკიდებელმა დეპუტატმა,  დიმიტრი ცქიტიშვილმა მოამზადა, თუმცა ცვლილებების ინიციატორი უმრავლესობის რამდენიმე წევრია. პროექტი შრომის მიმართულებით ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს ადგენს.