შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება
შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება

შრომის ინსპექტორთა რაოდენობა უახლოეს მომავალში 100-მდე გაიზრდება, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ბექა ფერაძის განმარტებით, 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების კანონი არამხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ, არამედ ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე გავრცელდება და ობიექტების შემოწმება შრომის ინსპექტორებს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებართვის გარეშე შეეძლებათ. ასევე, ბიზნეს სექტორი ვალდებული იქნება ადგილზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეს.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებსა და სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა და ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სამშენებლო სექტორთან ერთად იმსჯელეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი სფეროში მომუშავე ადამიანების ინფორმირებულობის გაზრდა იყო. მხარეები თანხმდებიან, რომ მიუხედავად შრომის უსაფრთხოების ახალი კანონისა, სფეროში გამოწვევები მრავლად არსებობს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამშენებლო სექტორის ინსპექტირებისას გამოიკვეთა ისეთი სისტემური სახის დარღვევები, როგორიცაა საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეუფასებლობა, უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის არ ყოლა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უქონლობა. თავად სამშენებლო სექტორი და ბიზნესომბუდსმენის აპარატი სფეროს რეგულირებას მიესალმება, თუმცა ისინი კანონის ყველა ეკონომიკურ საქმიანობაზე გავრცელების საჭიროებას ვერ ხედავენ.

მათი თქმით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაქირავება ისეთი ბიზნესისათვის, რომელიც მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს არ აწარმოებს, დამატებითი ტვირთია.

შეხვედრას დღეს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და მერიის მუნიციპალურ ინსპექციის სამსახურიც ესწრებოდა. შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ზედამხედველობას ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სწორედ ეს უწყება უზრუნველყოფს.

2019 წლის იანვრიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მშენებლობაზე 10 მუშა დაიღუპა და 10 მძიმედ დაშავდა. ბოლო შემთხვევა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, 14 მაისს მოხდა.