შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილზე წვდომასთან დაკავშირებით შესაძლოა, სასამართლოს ნებართვა წინასწარ არ დასჭირდეს
შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილზე წვდომასთან დაკავშირებით შესაძლოა, სასამართლოს ნებართვა წინასწარ არ დასჭირდეს

შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილზე წვდომასთან დაკავშირებით შესაძლოა, სასამართლოს ნებართვა წინასწარ აღარ დასჭირდეს.

შესაბამისი ცვლილებები „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, აკაკი ზოიძე, სოფო კილაძე და თამარ ხულორდავა არიან.

დღეს მოქმედი კანონის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია, სამეწარმეო საქმიანობა მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე გააკონტროლოს, მათ შორის, საწარმოში შევიდეს, დოკუმენტები მოითხოვოს, საწარმოს საქმიანობა შეაჩეროს, მეწარმის კუთვნილი ქონება დალუქოს, საწარმო დაათვალიეროს და მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი შეამოწმოს.

ამასთანავე, კანონში ჩამოთვლილია შემთხვევები, რა დროსაც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად მოსამართლის ბრძანების მოპოვება არ მოითხოვება. სწორედ აღნიშნულ ჩამონათვალში იქნება მოქცეული შრომის ინსპექციაც.

„საქართველოში სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია. ბოლო პერიოდში საწარმოებსა და ორგანიზაციებში უბედური შემთხვევების რაოდენობა კრიტიკულადაა გაზრდილი. აუცილებელია, საერთაშორისო კონტექსტი აღინიშნოს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ საქართველო შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური აღსრულების მექანიზმის-შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირებაა“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაამტკიცებს, ცვლილებები ძალაში 2019 წლის პირველი სექტემბრიდან შევა.