შრომის ინსპექციამ მთავრობის განკარგულების განმეორებით დარღვევის გამო ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქა
შრომის ინსპექციამ მთავრობის განკარგულების განმეორებით დარღვევის გამო ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს. ადგილზე შრომის ინსპექციის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელები იმყოფებოდნენ.

მათი თქმით, ბარი მთავრობის განკარგულების დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომლის მიხედვითაც, კვების ობიექტების მუშაობა 22:00 საათამდეა დასაშვები.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, დაწესებულება ერთხელ უკვე დაჯარიმდა მთავრობის განკარგულების დარღვევისთვის, განმეორებით დარღვევის გამო კი, დაილუქა.

„შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, სხვა ზედამხედველი ორგანოების ჩართულობით გუშინ ობიექტზე გამოვლინდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული მასობრივი გასართობი საქმიანობის განხორციელება, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება ობიექტის დალუქვის შესახებ. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ლერმონტოვის 9 ნომერში მდებარე ბარი ერთხელ უკვე არის დაჯარიმებული მთავრობის დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, შესაბამისად, დღეს მოხდა ობიექტის დალუქვა“, – განაცხადა მიქაიამ

პარტიის „გირჩი მეტი თავისუფლება“ წარმომადეგნლები დალუქვის პროცესს არ დასწრებიან. გუშინ პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებდა, რომ ბარში შტაბი გახსნა, სადაც მოქალაქეებს მისვლა და გასაუბრება, პრეტენზიების წაყენება, კითხვების დასმა შეეძლებოდათ.