შრომის ინსპექციამ პირველი აგვისტოდან დღემდე, გაუფრთხილებლად რამდენიმე ათეული საწარმო შეამოწმა
შრომის ინსპექციამ პირველი აგვისტოდან დღემდე, გაუფრთხილებლად რამდენიმე ათეული საწარმო შეამოწმა

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დღემდე, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა რამდენიმე ათეული საწარმო შეამოწმეს. შემოწმების შედეგები მომდევნო თვეებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პირველი აგვისტოდან ამოქმედდა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც შრომის ინსპექციას ანიჭებს უფლებას, მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოები წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს. მანამდე ინსპექციას საწარმოების შემოწმება თავად ბიზნესკომპანიების თანხმობის შემთხვევაში შეეძლო. პირველი აგვისტოდან შრომის ინსპექციას ასევე მიეცა საწარმოების დაჯარიმების უფლება, მანამდე მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემდა.

„მომდევნო თვეებში ჩვენ შევძლებთ, რომ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმ სურათის შესახებ, რაც შრომის ბაზარზე არსებობს. სახელმწიფოს მხრიდან ეს არის პირველი დიდი ნაბიჯი იმისთვის, რომ შრომით ურთიერთობებში გარკვეული ბალანსი იყოს დაცული“, – განაცხადა ფერაძემ.