შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა
შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა

3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ „ხიდზე” აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. ინფორმაციას ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად,მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება.

„მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შრომის ინსპექციის სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ „მწვანე ზონების“ კონცეფციის შექმნის მიზნით ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება.

„შრომის ინსპექცია აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მწვანე ზონების უსაფრთხო კონცეფციის მონიტორინგის კუთხით, ასევე ზედამხედველობას უწევს აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამოვლენის ფაქტებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი