შრომის ინსპექცია იაშვილის კლინიკაში შრომითი უფლებების შემოწმებას გეგმავს
შრომის ინსპექცია იაშვილის კლინიკაში შრომითი უფლებების შემოწმებას გეგმავს

შრომის ინსპექცია იაშვილის კლინიკაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების შემოწმებას გეგმავს, რისთვისაც შესაბამისი ჯგუფი მზადდება, –  განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ.

“ამჟამად მიმდინარეობს შესწავლა. პროგრამაც ახალი რედაქციით დამტკიცდა, ახალი კომპონენეტი დაემატა მას და ეს არის რომის პირობებებთან ერთად შრომის უფლებების შემოწმება. ანუ ეს ეხება ხელშეკრულებას, ხელშეკრულების იმ ნაწილს, იმ მუხლებს, რომელიც ეხება სამუშაო საათებს, დეკრეტულ შვებულებებს, ზოგადად შვებულებებს, ზეგანაკვეთურ საათებს და ასე შემდეგ. მოხდება ამ კუთხით შესწავლა და როგორც სტანდარტულად, პროგრამის შესაბამისად ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციასა და წინადადებს. მზადდება ჯგუფი შესასვლელად”, –  განაცხადა ჯგერენაიამ.

იაშვილის კლინიკაში შრომის ინსპექციის შესვლა კლინიკიდან გათავისუფლებულმა ექიმებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სოლიდარობის ქსელმა” მას შემდეგ მოითხოვეს, რაც სამედიცინო დაწესებულებიდან 100-მდე ექიმი დაითხოვეს. მათი თქმით, მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება უკანონოა და იგივე საფრთხე საავადმყოფოში დარჩენილ სხვა მედიკოსებსაც ემუქრებათ. სწორედ ამის გამო ითხოვენ ისინი შრომის ინსპექციისგან იაშვილის კლინიკაში არსებული შრომის პირობების შესწავლას.