შრი-ლანკაში ფულადი დახმარების დარიგების დროს ჭყლეტისას სამი ადამიანი გარდაიცვალა, რვა კი დაშავდა
შრი-ლანკაში ფულადი დახმარების დარიგების დროს ჭყლეტისას სამი ადამიანი გარდაიცვალა, რვა კი დაშავდა

შრი-ლანკაში ფულადი დახმარების დარიგების დროს ჭყლეტისას სამი ადამიანი გარდაიცვალა, რვა კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ინციდენტი შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში მოხდა. კორონავირუსის ეპიდემიის დროს უსახსროდ დარჩენილი პირებისთვის განკუთვნილ ფულად დახმარებას ერთ-ერთი ადგილობრივი ბიზნესმენი არიგებდა. როგორც „ბიბისი“ წერს, საქველმოქმედო აქცია ბიზნესმენის კუთვნილ საწყობში იმართებოდა.

როგორც ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, სამართალდამცავი ორგანოები აქციის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ექვსი პირი.

არსებული მონაცემებით, ბიზნესმენმა საქველმოქმედო აქცია რამადანის დასრულების აღსანიშნავად მოაწყო, თუმცა ვინაიდან კორონავირუსის გამო მეჩეთებში მასობრივი შეკრებები აკრძალულია, ფულადი დახმარების დარიგება საწყობში გადაწყვიტა.

შრი-ლანკაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 1 045 შემთხვევა, გარდაცვლილია ცხრა ადამიანი.