„შპიგელი“ – ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს

13:59, 04.11.2022

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

ჩინეთში კანცლერი ქვეყნის ლიდერს სი ძინპინს და პრემიერ-მინისტრს ლი კეციანს შეხვდა. როგორც ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა, ჩინეთის და გერმანიის ხელისუფლებები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბირთვული მუქარა მიუღებელია.

„პრეზიდენტი სი ძინპინი  და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია. ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი გადაკვეთს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავლებულ ხაზს“, – განაცხადა შოლცმა.

ოლაფ შოლცის თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობა.

„ვუთხარი პრეზიდენტ სი ძინპინს, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთმა განახორციელოს გავლენა რუსეთზე“, – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.

ოლაფ შოლცმა ჩინეთში ვიზიტს კარგი და სწორი გადაწყვეტილება უწოდა. „კარგია და სწორია, რომ დღეს მე ვარ აქ, პეკინში“, – აღნიშნა შოლცმა.

ამასთან, როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული კრიზისისას მოლაპარაკებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ ევროპაში ომი დააბრუნა. კრიზისის დროს, მოლაპარაკებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მანდ.

ჩინეთში ვიზიტისას, ოლაფ შოლცმა უმცირესობების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია.

მსგავსი