„შპიგელი“ - ინტერნეტში ხელმისაწვდომია დონალდ ტრამპის მრჩევლების პირადი მონაცემები
„შპიგელის“ ცნობით, ინტერნეტში ხელმისაწვდომია დონალდ ტრამპის მრჩევლების პირადი მონაცემები. გამოცემა წერს, რომ კომერციული საძიებო სერვისებისა და მონაცემთა ბაზების საშუალებით, რომლებიც ინტერნეტში ჰაკერული შეტევების შემდეგ მოხვდა, შესაძლებელია მობილური ტელეფონების ნომრების, ელექტრონული ფოსტის მისამართებისა და, ზოგ შემთხვევაში, პაროლების მოძიება, რომლებსაც იყენებდნენ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი.
გერმანული გამოცემა წერს, რომ ტელეფონის ნომრები და ელფოსტის მისამართები, რომელთა უმეტესობა კვლავ აქტიურია, ზოგ შემთხვევაში გამოიყენებოდა Instagram-ისა და LinkedIn-ის პროფილებისთვის, Dropbox-ის სერვისისთვის, ასევე იმ აპლიკაციებისთვის, რომლებსაც აქვთ წვდომა მომხმარებლების ადგილმდებარეობასთან.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გაბარდისა და უოლცის ნომრები დაკავშირებული იყო WhatsApp-ისა და Signal-ის მესენჯერების ანგარიშებთან.
„შპიგელი“ წერს, რომ მოთხოვნა გაუგზავნა ტრამპის ადმინისტრაციის სამივე ოფიციალურ პირს, მაგრამ კომენტარები ჯერჯერობით არ მიუღიათ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში განაცხადეს, რომ მაიკ უოლცის ანგარიშები და პაროლები, რომელთა შესახებაც გერმანული ჟურნალი წერს, 2019 წელს შეიცვალა.