შოტლანდიის პირველი მინისტრი დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს
შოტლანდიის პირველი მინისტრი დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. შესაბამისი წერილით მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უკვე მიმართა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

შოტლანდიის „ეროვნულმა პარტიამ“, გასულ კვირას ჩატარებულ არჩევნებში შოტლანდიის პარლამენტში 59-დან 47 ადგილი მოიპოვა.

„გასულ კვირას ჩატარებულ არჩევნებში შოტლანდიამ ნათლად თქვა, რომ არ სურს ბორის ჯონსონმა ჩვენ ევროკავშირიდან გამოგვიყვანოს“, – განაცხადა სტარჯონმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი განმეორებითი რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოდის.

შეგახსენებთ, ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის პირველი რეფერენდუმი შოტლანდიაში 2014 წელს ჩატარდა. მაშინ მოსახლეობის 55 პროცენტი ამის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა ბრექსიტთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმში შოტლანდიელების 62-მა პროცენტმა ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.