შოტლანდიელი პოლიტიკოსები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესით დაინტერესდნენ
შოტლანდიელი პოლიტიკოსები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესით დაინტერესდნენ

შოტლანდიელი პოლიტიკოსები გეგმავენ მიმართონ ევროპულ სასამართლოს, რომელმაც უნდა გამოარკვიოს, თუ კონკრეტულად რას ნიშნავს და რას გულისხმობს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი.

პროევროპელ შოტლანდიელ პოლიტიკოსებს აინტერესებთ, შეუძლია თუ არა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის პროცესი ცალმხრივად შეაჩეროს. ოთხმა პოლიტიკოსმა საგანგებო კამპანიაც კი წამოიწყო 50 ათასი ფუნტ სტერლინგის მობილიზების მიზნით, რომელიც სასამართლოს ხარჯების ასანაზღაურებლად არის საჭირო. ასევე პოლიტიკოსებმა ფორმალური შეტყობინება უკვე გაუგზავნეს დიდი ბრიტანეთის მინისტრს ბრექსიტის საკითხებში, დევიდ დეივისსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის უფროს მრჩეველს შოტლანდიის კანონმდებლობის საკითხებში, რიჩარდ კინს, თხოვნით დააზუსტონ შესაძლებლად მიიჩნევს თუ არა ბრიტანეთის მთავრობა 50-ე მუხლის გაუქმებას.

ევროკავშირიდან გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ 2016 წლის 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე მიიღო. ლონდონმა ლისაბონის 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ, რაც ბლოკიდან გასვლის შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს, მიმდინარე წლის მარტში განაცხადა. სავარაუდოდ ქვეყანა ალიანსს 2019 წლის მარტში დატოვებს.