შოტლანდია ქარისგან იმდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომ ორ შოტლანდიას ეყოფა
შოტლანდია ქარისგან იმდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომ ორ შოტლანდიას ეყოფა

განახლებადი ენერგიის მიმართულებით მსოფლიოს აშკარა პროგრესი აქვს, რაც მრავალ ქვეყანას აგულიანებს ამ მიმართულების განვითარებისკენ. ამჯერად უდიდეს წარმატებას შოტლანდიამ მიაღწია. 2019 წლის პირველ ნახევარში, ამ ქვეყანამ ქარის ენერგიისგან იმდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რომ ორ შოტლანდიას ეყოფოდა.

იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ქარის ტურბინებმა 9,8 მილიონი მეგავატი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც საკმარისია 4,47 მილიონი სახლის მომარაგებისთვის. შოტლანდიაში კი მხოლოდ 2,6 მილიონი სახლია.

შოტლანდიისთვის ეს მაჩვენებელი რეკორდულია და ნიშნავს იმას, რომ ტურბინების მიერ ნახევარი წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია ეყოფოდა არა მხოლოდ ამ ქვეყნის ყველა შენობას, არამედ ჩრდილოეთ ინგლისის დიდ ნაწილსაც.

ყველაზე მეტი ენერგია მარტში გამომუშავდა, დაახლოებით 2 194 981 მეგავატი.

განახლებად ენერგიაზე გადასვლის გზას ადგას მთლიანად გაერთიანებული სამეფო. ცოტა ხნის წინ, ქვეყანა ერთი კვირის განმავლობაში მარაგდებოდა ქვანახშირზე მომუშავე სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის გარეშე. სისტემაში ჩართული იყო მხოლოდ გაზის ტურბინები, ატომური სადგურები, მზის ენერგია და განახლებადი ენერგიის სხვა საშუალებები.

გაერთიანებული სამეფო 2025 წლისთვის ქვანახშირზე მთლიანად უარის თქმას გეგმავს; როგორც ჩანს, ამ მიზნის მიღწევაში შოტლანდიის წვლილი უდიდესი იქნება.

განახლებად ენერგიაში მნიშვნელოვანი პროგრესი სხვა ქვეყნებსაც აქვთ. ქარისა და მზის ტექნოლოგიებში ჩადებული უზარმაზარი ინვესტიციების შედეგად, გერმანია მოთხოვნილზე მეტ განახლებად ენერგიას აწარმოებს.

ჩინეთის ცინხაის პროვინციაც, სადაც 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, განახლებადი ენერგია კვირების განმავლობაში ჰყოფნის. ჩინელები მზის, ქარისა და ჰიდრორესურსებს იყენებენ.

ამ მიმართულებით სწრაფ განვითარებას ძირითადად განაპირობებს უფრო ეფექტიანი ტექნოლოგიების შექმნა. მაგალითად, შარშან მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ გამოიმუშაონ მეტი ელექტროენერგია იგივე ოდენობის მზის ნათების ან ქარისგან.

შოტლანდია ქარის ენერგიაში მსოფლიოს პიონერია. მისი ქარის ტურბინების საერთო სიმძლავრე ამ ეტაპზე 8423 მეგავატია. მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ქვეყანა მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადასვლას გეგმავს.