შოთა თხელიძე საია-ს იურისტს პასუხობს - ეპოქა, როდესაც თქვენ აზრის ჰომოგენურობის კომფორტში ცხოვრობდით, დასრულებულია, ამ ქვეყანაში ჩნდებიან ახალი თაობები ახალი ცოდნით
შოთა თხელიძე საია-ს იურისტს პასუხობს - ეპოქა, როდესაც თქვენ აზრის ჰომოგენურობის კომფორტში ცხოვრობდით, დასრულებულია, ამ ქვეყანაში ჩნდებიან ახალი თაობები ახალი ცოდნით

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსი შოთა თხელიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, გიორგი გოცირიძეს პასუხობს. შოთა თხელიძე „ფეისბუქში“ წერს, რომ გიორგი გოცირიძეს არ აქვს ნანახი სიუჟეტი, რომლის შესახებაც წერს და მას ბრალს სდებს.

„გუშინ სიუჟეტს ვაკეთებდი და არ მეცალა, ამიტომ გადავწყვიტე დღეს გამოვეხმაურო ე.წ. უფლებადამცველ, ვინმე გოცირიძეს, რომელიც ჩეკისტური მეთოდებით, უაპელაციოდ ბრალს მდებდა თითქოს მე ვთქვი, რომ სკირპალების საქმეში რუსული ბრალეულობა არ იკვეთებოდა, რაც მტკნარი სიცრუეა. დავიწყოთ იქიდან, რომ:

1. გოცირიძეს არ აქვს ნანახი სიუჟეტი;
2. გოცირიძემ ისიც კი არ იცის, თუ როდის გავიდა სიუჟეტი ეთერში;
3. გოცირიძე ძალიან მწყრალადაა საკითხის სიღმისეულ ცოდნასთან და ჯერჯერობით დილეტანტის საფეხურზეა გაჭედილი.

ძვირფასო გოცირიძევ, ასევე მედიამონიტორებო და მათთან გათანაბრებულო პირებო,

ჩემი სიუჟეტი, რომელსაც თქვენ ასე დაასვით კბილი, მინდა იმედი გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ საერთოდ არ ეხებოდა სკრიპალების საქმეს. სიუჟეტი გავიდა გასული წლის 21 აპრილს, როდესაც სკირპალების საქმეში რუსული ბრალეულობა საბოლოოდ დადასტურებული არ იყო. არსებობდა ბრიტანეთის პრემიერის განცხადება, რომ მოწამვლაში ს ა ვ ა რ ა უ დ ო დ რუსები იყვნენ გარეულნი (https://bit.ly/2HAQkKv), არსებობდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტი ს ა ვ ა რ ა უ დ ო რუსული ბრალეულობით, რომელიც მალევე აიღეს ტვიტერის კედლიდან (https://bit.ly/2Emx3GU) და არსებობდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დასკვნა, სადაც საერთოდ არ იყო ვინმეს ბრალეულობა გამოკვეთილი (https://bit.ly/2JAtJ2B). სკრიპალების მოწამვლაში რუსული კვალი მხოლოდ ე ქ ვ ს ი თვის შემდეგ, სექტმბერში დადასტურდა. რასაც მეც ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ, თუ ასე ძალიან გაინტერესებთ.

სიუჟეტის მიზანი საერთოდ არ იყო იმის გაზომვა თუ ვის უფრო დიდი კუნთები აქვს, ამერიკას თუ რუსეთს. სიუჟეტი აღწერდა საერთაშორისო უსაფრთხოების კრიზისულ მომენტს, როდესაც სამხედრო ესკალაციას, იმ დროისთვის საბოლოოდ დაუდასტურებელი ფაქტების საპასუხოდ, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოეწვია (მაგრამ მათთვის, ვინც 0 1 0 1 ალგორითმით აზროვნებს, ეს გაუგებარია). აქვე გეტყვით, რომ მესამე მსოფლიო ომი ‘ლობიოობა’ არ გეგონოთ, რადგან მეოთხე ნამდვილად ჯოხებითა და ქვებით იქნება (ჩემი სიტყვები არაა, რომ იცოდეთ, ალბერტ აინშტაინისაა).

ძვირფასო გოცირიძევ, მედიამონიტორებო და მათთან გათანაბრებულო პირებო,

არ შეილძება ‘საპოჟნიკი’ ასტროფიზიკოს შავ ხვრელებზე ეკამათებოდეს, რადგან დიდი ალბათობით თავად აღმოჩნდება ამ შავ ხვრელში. ეპოქა, როდესაც თქვენ აზრის ჰომოგენურობის კომფორტში ცხოვრობდით დასრულებულია. ამ ქვეყანაში აღარ ბნელა, ჩნდებიან ახალი თაობები ახალი ცოდნებითა და ალტერნატივებით. და თქვენი მცდელობა ეს ქვეყანა მესამე სამყაროს სანაგვეზე მოისროლოთ და ბანანის რესპუბლიკად აქციოთ, განწირულია. დასვით კითხვები, წაიკითხეთ, იმსჯელეთ, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, როგორც ‘შტო? გძე? კაგდას?’ წამყვანი იტყოდა.

უიჰ, კიდევ წამომცდა რუსულად.

P.S. მე, როგორც კრემლის აგენტი, ბოლო პერიოდში ვაკეთებ ევროკავშირისთვის ბოლო ხუთ წელიწადში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, მაისის ევროპარლამენტის არჩევნებზე, ვიდეოების ნაკრებს – თემა რომელიც ქართულმა მედია ჯერ არათუ არ იცის, არამედ არც გაუგია მგონი. გოცირიძისა და მისთანანისთვის უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო მთლიანად ვიზუალური გრაფიკითაა აწყობილი ვიდეოები:

https://bit.ly/2HMZP8N – ევროპარლამენტის ინსტიტუცია
https://bit.ly/2CzxO0V – გერმანია
https://bit.ly/2TrDkZk – საფრანგეთი
https://bit.ly/2HAQT75 – იტალია“, – წერს შოთა თხელიძე.