შოთა შეყილაძე „ტორპედოსთან“ მოგებას იმედოვნებს - „დილა“ ბილეთების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ქველმოქმედებას მოახმარს #1TVSPORT
გორის „დილას“ თავდამსხმელმა, შოთა შეყილაძემ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის საშინაო მატჩამდე კომენტარი გააკეთა:
„ქუთაისის „ტორპედოსთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ვემზადებით, გუნდში საბრძოლო განწყობაა. წინა თამაშში („იბერიასთან“) განცდილი მარცხიდან ბევრი რამ გავაანალიზეთ და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას „ტორპედოსთან“ შევეცდებით.
„ტორპედო“ რთული მოწინააღმდეგეა, რომელსაც აქვს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები. მათი თამაშიც გავაანალიზეთ და ვეცდებით საკუთარ კედლებში გორელ გულშემატკივარს იმედები არ გავუცრუოთ, მაღალი ხარისხის თამაში ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ“, – ამბობს შოთა შეყილაძე.
ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრა გორის „დილასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის 7 მაისს გაიმართება. მატჩი „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საქველმოქმედო ხასიათის იქნება.
„მატჩის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი 10 თვის დემნა ხითარიშვილის დასახმარებლად გადაირიცხება. მცირეწლოვან ბავშვს აქვს მეორე სტადიის სიმსივნე. მისი ასაკისა და მდგომარეობის გამო აუცილებელი ოპერაციის ჩატარება ჩვენს ქვეყანაში ვერ ხერხდება და იგი საფრანგეთში საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ერთად დავეხმაროთ პატარა დემნას“, – წერია „დილას“ განცხადებაში.