შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის შეფასებას ანტისემიტურს უწოდებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს
შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის შეფასებას ანტისემიტურს უწოდებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი მის მიმართ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას ანტისემიტურ, რასისტულ განცხადებად აფასებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს.

შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას დღეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხზე კონსულტაციებს გადის და სააკაშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად სამართლებრივ ფორმატს უახლოეს დღეებში აირჩევს.

„სამწუხაროდ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემა ნანახი არ მქონდა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით – „აფერისტი და რუსი ებრაელი“ მიწოდა. პირადად მე, შოთა შალელაშვილს მიმაჩნია და ამას ვაფასებ როგორც ანტისემიტურ, რასისტულ განცხადებად, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას. თანამედროვე სამყარო შეთანხმდა, რომ ამ ენაზე არათუ პოლიტიკოსები, არამედ თანამედროვე ადამიანებიც აღარ საუბრობენ. სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა და სამ სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა. როცა აფერისტი თქვა, ეს არის ღირსების შემლახველი. ამ ტიპის შეურაცხყოფაზე კი, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დონეზე პოლიტიკურ კამპანიასა და შესაბამის პროცედურებს ვიწყებ. ჩემი რეაქცია მაქსიმალურად მკაცრი იქნება”, – აღნიშნა შალელაშვილმა.

დეპუტატის ცნობით, მისმა იურისტებმა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

“ბუნებრივია, ეს განცხადება გაიგზავნება იმ მრავალრიცხოვან ებრაულ ორგანიზაციებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განთავსებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-ის კონგრესის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში. სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. იმედი მაქვს, ისინი გაემიჯნებიან ასეთ განცხადებებს და მოახდენენ კიდეც შესაბამის რეაგირებას. ყველაზე ნაკლები სურვილი მაქვს ნაციონალურ წარმომავლობაზე ვისაუბრო, მაგრამ სააკაშვილი შეეხო. ამას რომ არ გამოვხმაურებოდი, არ შეიძლებოდა. კონსულტაციებს გავდივარ, სამართლებრივ ფორმატს უახლოეს დღეებში ავირჩევთ”, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, შოთა შალელაშვილი დღეს მასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ რამდენიმე საკითხს გამოეხმაურა.

„აუცილებლად მინდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ამ ადამიანის მიმართ, მე არასოდეს მქონია და არც მაქვს მასთან არანაირი ბიზნესურთიერთობა. რაც შეეხება ჩემს შვილს, ის მართლაც იყო ეჭვმიტანილი კიბერდანაშაულში აშშ-ში. იგი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, ველით სასამართლო გადაწყვეტილებას და ყველა მონაცემით, ის უნდა გამართლდეს.

საბანკო ყადაღასთან დაკავშირებით კითხვა კი ძალიან ტექნიკურია, ეს იყო ტექნიკური შეფერხება ბანკის მხრიდან, რაც მალევე მოგვარდა და დღეს არანაირი შეფერხება არ არსებობს. ჩემი ბანკის ანგარიში ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს”, – დასძინა შალელაშვილმა.