შოთა რეხვიაშვილი - რუსთავის ჩაკეტვისა და იზოლირების საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს
შოთა რეხვიაშვილი - რუსთავის ჩაკეტვისა და იზოლირების საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ქალაქ რუსთავის გადაკეტვის, ჩაკეტვის, იზოლირების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაგალითად ჩაიკეტა ბოლნისის რამდენიმე სოფელი და მსგავსი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, შეიზღუდოს კონკრეტული კორპუსი ან ქუჩა.

„ბოლნისის მაგალითს ვიტყვი, ბოლნისი არ ჩაგვიკეტავს. ჩავკეტეთ კონკრეტული სოფელი, სოფლები. თუ რუსთავში იქნება ამგვარი საჭიროება, არეალებში შეიძლება, კორპუსი შეიზღუდოს, კორპუსები, ქუჩა, მიკრორაიონი. ძალიან ბევრი ბერკეტია იმისთვის, რომ ლოკალურად მართო ფორსმაჟორში სიტუაცია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ამასთან, მან რეგიონში კორონავირუსის დადასტურებულ ახალ შემთხვევებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ საკრებულოს ინფიცირებული წევრის მხოლოდ ერთ შვილს დაუდასტურდა ინფექცია.

„მინდა, ვთქვა, რომ მხოლოდ შვილს დაუდასტურდა, ერთ-ერთ ბავშვს კორონავირუსი. დედას და დანარჩენ ბავშვებს საბედნიეროდ, არა. ორი ფაქტი კი, რაც გუშინ დაფიქსირდა და უკავშირდება რუსთავს – მამაკაცი არის ეროვნული ბანკის თანამშრომელი და მეუღლე, რომელიც არის სამედიცინო პერსონალი. ის 31 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, თუმცა სიმპტომები ოჯახის წევრების, მისი და მისი მეუღლის მიმართ 2 აპრილიდან არის დადგენილი. ყველა ზომა არის მიღებული კონტაქტებთან მიმართებაში და ისინი არიან იზოლაციაში.

რაც შეეხება ბოლნისს, სოფელ კაპანახჭიდან დაუდასტურდა მოქალაქეს კორონავირუსი, მაგრამ მას აქვს საზღვრის კვეთა თურქეთიდან და იქვე მოექცა საკარანტინო სივრცეში. მას არავისთან ჰქონდა კონტაქტი. ერთი ადამიანი იყო ჩვენი რეგიონიდან მართვით სუნთქვაზე და მასთანაც გაუმჯობესდა მდგომარეობა და მოიხსნა აპარატიდან“, – განაცხადა გუბერნატორმა.

ამასთან, მისი თქმით, თერმოსკირნინკი პრაქტიკულად დასრულებულია მარნეულში და ბოლნისშიც დადასრულს უახლოვდება.

„დაველოდებით გარკვეულ პერიოდს, რომ დავიწყოთ ხელახალი სკრინინგი. განსაკუთრებული გამკაცრება არ იგეგმება, სრულიად ერთი რეჟიმია, აბსოლუტურად ყველგან. ერთადერთი გამონაკლისია სოფლის დასახლებაში, სადაც ხუთი შემთხვევაა და სწორად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩაიკეტა მოსახლეობა, ეს არის ერთადერთი შემთხვევა“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, თვითიზოლაციაში არის 70-მდე ადამიანი. ასევე, ტერიტორიას, სადაც ინფიცირებული ოჯახი ცხოვრობს, სრულად ჩაუტარდა დეზინფექცია.

ამასთან, გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ის უერთდება ინიციატივას და კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილს გადარიცხავს, ასევე მოიქცევიან რეგიონის სხვა თანამდებობის პირებიც.

„სამხარეო ადმინისტრაციის, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების სახელით მინდა, გავაკეთო განცხადება, რომ ვუერთდებით ძალიან კარგ ინიციატივას, პარტია „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ კეთილ საქმეს და სამი თვის ხელფასს, ერთი მესამედის ოდენობით, ჩავრიცხავთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში, რომ დავაჩქაროთ ამ პროცესების წარმატებით დაძლევა“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.