შოთა რეხვიაშვილი - მოსახლეობა ადეკვატურად მოქმედებს, გადაადგილება შემცირებულია და ყველაფერი კეთდება, რათა რისკ-ფაქტორები გამოვრიცხოთ
შოთა რეხვიაშვილი - მოსახლეობა ადეკვატურად მოქმედებს, გადაადგილება შემცირებულია და ყველაფერი კეთდება, რათა რისკ-ფაქტორები გამოვრიცხოთ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვები კანონით არის დაცული.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებას მოსახლეობა გაგებით ეკიდება.

„მოსახლეობა ადეკვატურია და ბუნებრივია, ეზღუდებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება, თუმცა შიგნით, ჯერჯერობით, ეს შეზღუდვა არ არის. აქაც ადეკვატურები არიან და შემცირებულია მოსახლეობის გადაადგილება. მინდა გითხრათ, რომ დილიდან აქტიურად იყო ჩართული ყველა სამსახური. გამშვები პუნქტიდან დაწყებული, აბსოლუტურად სრულ კომუნიკაციაში ვართ თითოეული ჩვენგანი და ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა“, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

რეხვიაშვილის განმარტებით, ფაქტობრივად დასრულდა მოხალისეებისა და მათთან ერთად, ექიმთა პერსონალის ჯგუფების ჩამოყალიბება.

„უახლოეს საათებში, ალბათ 1-2 საათში ჩვენ გავალთ უპირველესად იმ იდენტიფიცირებულ უბნებზე და ხალხთან, ვისთანაც კომუნიკაცია იყო ბოლო ფაქტიდან გამომდინარე. მარნეულიდან გადავალთ შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც ასევე იყო შემჩნეული კომუნიკაცია და თუ რაიმე საჭირო და გადაუდებელი ჩარევა იქნება აუცილებელი, ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მობილიზებულია, არის საველე ჰოსპიტალი გახსნილი, შესაბამისი მედ-პერსონალი, სადაც შეიძლება ჩატარდეს ნაცხის აღება, შემდეგ ამ ნაცხის გადამუშავებისთვის და საბოლოო შედეგის დადგენისთვის, ბუნებრივია თბილისში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ, ამ ვითარებაში ყველაფერია გაკეთებულია, რათა ჩვენ შევზღუდოთ, გამოვრიცხოთ რისკ-ფაქტორები. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს მარტო მარნეულში არ ხდება, ყველა მუნიციპალიტეტში იგივე სიტუაციაა. დღეს დავიწყებთ მოწყვლადი ჯგუფების, მარნეულში დაახლოებით 100 ოჯახის, სხვადასხვა საჭიროებით უზრუნველყოფას, ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

რაც შეეხება სავაჭრო ქსელებს, რეხვიაშვილის ინფორმაციით, ისინი შეუფერხებლად მუშაობენ და პროდუქტის დეფიციტი არ არის.

„რიგები არ არის, არავითარი პანიკა და ზედმეტი ეიფორია არ არის, და ასეც იქნება, რადგან დისტრიბუციასთან კავშირი გვაქვს და პროდუქტის ნაკლებობა არ იქნება“, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ბუნებრივია, როდესაც ასეთი ფორსმაჟორული ვითარებაა, გარკვეული, ინდივიდუალური სირთულეების მქონე საქმეები გროვდება.

„ჩვენ დღეს უპირველეს ყოვლისა გადაუდებლად მოვაგვარეთ ის პრობლემები, რაც ეხებოდა გადაუდებელი აუცილებლობით ჯანმრთელობის პრობლემებს, სადაც იყო დაგეგმილი ოპერაციები, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევა, ინდივიდუალურად გავიარეთ, გავაკონტროლეთ. იდენტიფიცირებულია ყველა გადასული ადამიანი, იქ გრძელდება მათი დაკვირვება და ასე იქნება. ეს არის მუშა პროცესი, ეს სირთულეები დაიძლევა, არის გარკვეული პროცესები დასახვეწი და ბუნებრივია, დღის ბოლომდე ჩვენ უფრო გამართულები ვიქნებით. მე არ ვარ უფლებამოსილი ცალსახად გითხრათ, რომ დაუბრკოლებლად მოხდება მათი გადასვლა. ეს მაინც ეპიდემიის სამსახურის პრეროგატივაა, მათ უნდა შეისწავლონ, შეაფასონ რისკ-ფაქტორები და მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა ბავშვების გაყვანის თაობაზე მშობლების მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპეციალური აღჭურვილობით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.

დატოვე კომენტარი