შოთა მახარაძის „პეტროკუბი“ მოლდოვის ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT
შოთა მახარაძის გაწვრთნილმა „პეტროკუბმა“ მოლდოვის ჩემპიონატის ფავორიტების ჯგუფში სტუმრად „მილსამი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა (3:0) და ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
ქართველი სპეციალისტის გუნდი 36 ქულით პირველ ადგილზეა, კონკურენტ „ზიმბრუს“ (31) და ტირასპოლის „შერიფს“ (30) კომფორტული უპირატესობით ასწრებს და სეზონის დარჩენილ ორ შეხვედრაში პირველობის გასაფორმებლად 2 ქულაც ჰყოფნის.
სლოვაკეთის პირველ ლიგაში დავით სხირტლაძის „პოჰრონიემ“ „მიკულაშთან“ ფრედ ითამაშა – 2:2. ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში 89-ე წუთზე გაათანაბრა.
ესტონეთის პრემიუმლიგაში „პიარნუ“ შინ „ნომე იუნაიტედთან“ დამარცხდა, რომელსაც 3 ქულა ზაქარია ბეგლარიშვილის გადამწყვეტმა გოლმა მოუტანა 3:2.
ჩინეთის პირველ ლიგაში კი თავი რატი არდაზიშვილმა გამოიჩინა. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა გასვლაზე „გონგფუს“ 3:0 სძლია. 27 წლის არდაზიშვილმა მასპინძელთა კარში მესამე გოლი გაიტანა და კარგი შეფასებაც მიიღო – 7,5 ქულა. მან შვიდ ტურში მესამე გოლი გაიტანა.