შოთა ხაბარელი - სპორტსმენებს უყვართ თავიანთი ქვეყანა და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ
შოთა ხაბარელი - სპორტსმენებს უყვართ თავიანთი ქვეყანა და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები სპორტსმენთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობენ.

როგორც ხაბარელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სპორტსმენებს ძალიან ცუდი ეპითეტებით მოიხსენიებენ, რაც მათ დისკრედიტაციას ახდენს და მომავალ თაობაზეც ნეგატიურად აისახება.

„მინდა, მივუსამძიმრო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მშობლებს, ახლობლებს. მართლაც ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა. არ უნდა მომხდარიყო თავისთავად ცხადია, მაგრამ ეს შეფასება, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ვისმენთ, არანაირად არ ესადაგება იმ ქართველი სპორტსმენების წარმატებას, რომელთაც არაერთხელ გაუთქვეს ქვეყანას სახელი. მინდა, მაგალითისთვის მოგიყვანოთ 2019 წლის ჩვენი სპორტსმენების შედეგები. 1 200 მედალი იქნა მოპოვებული ჩვენი სპორტსმენების მხრიდან. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 1 200-ჯერ აიწია საქართველოს დროშა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ცნობადობა, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გაცნობა მსოფლიოსთვის. საქართველოში შეტევა ხდება სპორტსმენებზე – იმ ადამიანებზე, რომლებმაც ცნობადი გახადეს ჩვენი ქვეყანა. ეს არის პირდაპირ მიმართული დისკრედიტაცია ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენების. როცა ასეთ გამოჩენილ სპორტსმენებს ვიღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები უწოდებენ კუნთმაგარს და გონებაჩლუნგს, ეს უკვე მომავალ თაობაზე უარყოფითად მოქმედებს. გაიხსენოს ქართველმა ხალხმა, როგორი შეტევა იყო იგივე ტალახაძეზე, როდესაც ის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი გახლდათ. მოვუწოდებდი ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთი ეპითეტებით ამკობენ ქართველ სპორტსმენებს, თავი შეიკავონ. სპორტსმენებს უყვართ თავიანთი ქვეყანა და მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ ეს სიყვარული“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

როგორც დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ აღნიშნა, სპორტის ნებისმიერი სახეობის, ასევე ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, თუმცა ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, მათი დამნაშავეებთან გაიგივება მიუღებელია.

„გიორგის ოჯახსაც არ გაუკეთებია ასეთი განცხადება. იმ ხალხს აინტერესებთ, უბედური შემთხვევა იყო თუ მკვლელობა. ამიტომ დაველოდოთ და მე ვთხოვ საზოგადოებას, რომ ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ ყველას, სპორტის სახეობას ჩრდილს ნუ მივაყენებთ და დამნაშავეებად ნუ შევრაცხავთ. რომელიღაც ადამიანმა შესაძლოა რაღაც ჩაიდინოს, მაგრამ იმის გამო, რომ მთლიანი ჯგუფი, მთლიანი სახეობა დამნაშავედ შერაცხო, მგონია, უსამართლობაა“, – განაცხადა აბუსერიძემ.

დატოვე კომენტარი