შოთა ხაბარელი - ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიებია მოსაპოვებელი, შესაბამისად, ქართველი ძიუდოისტების საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს
შოთა ხაბარელი - ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიებია მოსაპოვებელი, შესაბამისად, ქართველი ძიუდოისტების საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ სექტემბერში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და ლიცენზიები არის მოსაპოვებელი, რის გამოც ქართველი ძიუდოისტების საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს.

როგორც ჟურნალისტებს ხაბარელმა განუცხადა, სპორტსმენებს მყარი არგუმენტები აქვთ, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. მისი თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მიზანმიმართული შეცდომა დაუშვა, როცა წარმატებული და ევროპაში აღიარებული მწვრთნელები გაუშვა და მათ ნაცვლად, თავისი მეგობრები მიიყვანა.

„ამ ადამიანს პასუხები არ აქვს. ერთი თვეა, რაც ბიჭები პროტესტს გამოხატავენ. ერთი თვე რომ არ ვარჯიშობენ, ეს ძიუდოსთვის დიდი პრობლემაა. სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება და ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიები უნდა მოიპოვონ. ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს და თვითონ საღად უნდა მიუდგეს, რადგან ის ერთია და აქეთ მთელი ნაკრებია. ვინ დგას მის გვერდით, ამასაც თავისი ახსნა აქვს. ალბათ, ის ადამიანიც გამოჩნდება, ვინც შეცდომა დაუშვა და ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. მან ეს შეცდომა უნდა გამოასწოროს. პოლიტიკოსი ვარ, არ მინდა, ეს ცოტა მეტ ინტრიგაში გადაიზარდოს, მოვლენებს დაველოდოთ, რის შემდეგ ყველასთვის ცნობილი გახდება, მას რამდენად უმაგრებენ მხარს ესა თუ ის პიროვნებები”, – აღნიშნა ხაბარელმა კითხვაზე – დგას თუ არა დავით ქევხიშვილის უკან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე.

ამასთან, შოთა ხაბარელი დავით ქევხიშვილის ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სპორტსმენებს ხაბარელი მართავს.

„ეს არის სიცრუე. კარგად იცის, რომ მათ უკან არ ვდგავარ, სიმართლეს ვუდგავარ გვერდით“, – დასძინა შოთა ხაბარელმა.