შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის მიმართულება უნდა გამოეყოს
შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის მიმართულება უნდა გამოეყოს

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის მიმართულება უნდა გამოეყოს და დამოუკიდებელი დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდეს.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში შოთა ხაბარელი მინისტრის პოსტიდან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ბევრი პოზიტიური საქმე გაკეთდა.

დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს სამინისტროს გაყოფის საკითხზეც და ამბობს, რომ მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, სპორტის მიმართულება რა სახით ჩამოყალიბდება.

„დარწმუნებული ვარ, მზაობა არის მთავრობის, რომ სპორტს თავისი დამოუკიდებლობა ჰქონდეს. ეს როგორი ფორმით იქნება, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდეს და რომელიმე სამინისტროს ქოლგის ქვეშ მოექცეს. მისი განათლების სამინისტროსთან არსებობა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მას ცალკე ავტონომია უნდა ჰქონდეს. ეს გამოცდილი მეთოდია, წლების წინ ასე იყო. ამ საკითხზე მსჯელობა საჭიროა, რადგან სპორტში დიდი გამოწვევებია და წარმატებებიდან გამომდინარე, სპორტს დიდი თანადგომა სჭირდება. რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, ის დამოუკიდებელი დეპარტამენტის სახით უნდა ჩამოყალიბდეს, რათა ბიუროკრატია შემცირდეს. ბევრი საკითხი მყისიერად გადასაწყვეტია. მთლიანობაში, სფეროების გაერთიანებით პრობლემები არ შეიქმნა, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება, თუ სპორტის მიმართულება ცალკეულ დეპარტამენტად ჩამოყალიბდება“, – განაცხადა ხაბარელმა.

მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

დატოვე კომენტარი