შოთა ხაბარელი - მოზარდები სპორტში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ
შოთა ხაბარელი - მოზარდები სპორტში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი განათლების სამინისტროს მოუწოდებს, სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობას მეტი ყურადღება დაუთმოს, რათა მოსწავლეები სპორტში უფრო მეტად იყვნენ ჩართულები.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ხაბარელმა ყურადღება ახალგაზრდების სპორტში ჩართულობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ნამდვილად საამაყოა, როცა ქართველი სპორტსმენები ასპარეზზე დიდი წარმატებებს აღწევენ.

დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე ყველაზე წარმატებული 2017 წელია, რადგან ქვეყანას ოთხი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს.

„მინდა, განსაკუთრებით ლაშა ტალახაძის წარმატება ავღნიშნო, რადგან 205 ქვეყანაში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი ჩვენ – ქართველებს გვყავს. ასევე დიდ წარმატებას გენო პეტრიაშვილმა, ანასტასია გულფრიდმა და ზურაბ იაკობაშვილმა მიაღწიეს. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ასეთი დიდი წარმატება საამაყოა და მინდა, იმ ტრაგედიას შევეხო, რომელიც საქართველოში დატრიალდა და ძალადობის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა. ყველა აღნიშნავდა, რომ სპორტში ჩართულობა უნდა გაძლიერდეს. 2012 წლის შემდეგ წინ უამრავი ნაბიჯი იყო გადადგმული, სპორტის ბიუჯეტი თითქმის გასამმაგდა და სპორტული დარბაზები და მოედნები აშენდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უფრო მეტია საჭირო. სკოლებში ჩვენი მოზარდებისა და ახალგაზრდების ყველაზე დიდი კონცენტრაცია ხდება და განათლების სამინისტროს მივმართავ, ყურადღება ინფრასტრუქტურას მიექცეს. ბევრი საშუალება არსებობს და ჯერ გამოყენებული არ გვაქვს. ყველაზე ბევრი საფიქრალი გვაქვს, რომ ჩვენი მოზარდები სპორტში უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები, მათ არჩევანის უფლება და საშუალება მივცეთ, საით უნდა წავიდნენ, უფრო მეტი დრო ქუჩაში უნდა გაატარონ თუ სპორტულ დარბაზებში. ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და ახალგაზრდებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ, ჯანსაღი ცხოვრება აირჩიონ თუ ის გზა, რისი პროპაგანდაც ხდება და რისი წინააღმდეგიც ვარ“, – განაცხადა ხაბარელმა.