შოთა ხაბარელი - დავით ქევხიშვილმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც წარმატებული მწვრთნელები გაათავისუფლა
შოთა ხაბარელი - დავით ქევხიშვილმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც წარმატებული მწვრთნელები გაათავისუფლა

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი ფიქრობს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

როგორც ჟურნალისტებს ხაბარელმა განუცხადა, კომისიის შექმნიდან ძალიან დიდი დრო გავიდა და კომისიამ თავისი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.

მისი თქმით, უნდობლობა, რომელიც ბიჭებმა გამოაცხადეს, გარკვეულწილად ლეგიტიმურია.

“მათი ერთი დღე ვარჯიშის გარეშე ყოფნა ორ კვირას უდრის. რამდენი დღე გავიდა? ჩათვალეთ, რომ ეს ის სპორტსმენები არიან, რომელთაც წლების განმავლობაში საქართველოს დიდება მოუტანეს და ისინი რომ არ ვარჯიშობენ ძალიან ცუდია. კომისიამ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს. კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის პასუხები მოვისმინეთ და აღვნიშნეთ, რომ ბევრი შეუსაბამობა იყო, კითხვებზე შესაბამისი პასუხები არ იყო გაცემული. ვფიქრობ, რომ ის პასუხები, რაც პრეზიდენტმა კომისიის სხდომაზე გასცა, არასწორი და არადამაკმაყოფილებელი იყო. არანაირი გარე პირები აქ არ არსებობს, ეს არის ტკივილი, რაც ბიჭებს აწუხებთ. წარმატებული მწვრთნელები იყვნენ და გადააყენეს, შემდეგ ამ სფეროში როგორც მწვრთნელები, სრულიად არაკომპეტენტურები მოდიან და ეს შედეგიც დადგა”, – განაცხადა ხაბარელმა.

მისივე თქმით, სპორტსმენები იმას აპროტესტებენ, რომ წარმატებული მწვრთნელების გადაყენებამ ცუდი შედეგი მოიტანა.

„ბიჭები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს მეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმით, რომ წარმატებული მწვრთნელები გადააყენა და თავისი მეგობრები მოიყვანა, რაც ყველაზე მტკივნეული და ცუდია. ბიჭებიც იმას ამბობენ, რომ ის მწვრთნელები მიაცილეს, რომელთა მუშაობის შედეგად შეჯიბრებზე კარგად გამოდიოდნენ, შედეგებს იღებდნენ, ახალი შემადგენლობა მოვიდა და შედეგი უკან წავიდა. ვფიქრობ, რომ როცა ასეთი კაზუსი – წარმატებული მწვრთნელების გადაყენება ხდება და მისი შემოქმედია პრეზიდენტი, ის უნდა გადადგეს. რამდენად წონადია, ერთი პრეზიდენტის არასწორი ქმედებიდან გამომდინარე მთელი გუნდის არვარჯიში? ალბათ, პრეზიდენტი ადამიანებმა უნდა დაარწმუნონ, რომ დღეს სპორტსმენების მოთხოვნა ლეგიტიმურია”, – განაცხადა ხაბარელმა