შოთა გულბანი - კომერციული ბანკების მენეჯმენტსა და მფლობელებს არასწორი ბიზნესმოდელი აქვთ არჩეული
შოთა გულბანი - კომერციული ბანკების მენეჯმენტსა და მფლობელებს არასწორი ბიზნესმოდელი აქვთ არჩეული

არავინ ებრძვის და არავის უნდა ქართული ბანკების წარუმატებლობა, თავად ქართული კომერციული ბანკების მენეჯმენტსა და მფლობელებს აქვთ არასწორი ბიზნესმოდელი არჩეული, – ასე ეხმაურება „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარე შოთა გულბანი სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩის“ მიერ „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკისთვის“ რეიტინგის პროგნოზის გაუარესებას.

თავად „ფიტჩმა“ პროგნოზის გაუარესების მიზეზად, სწრაფი საცალო სესხების ზრდითა და მაღალი მოცულობით უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდის შედეგად გამოწვეული რისკები დაასახელა.

შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართული ბანკების ბიზნეს მოდელი მოკლევადიანი და მაღალ პროცენტიანი სესხების გაცემაზეა ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად და დიდი მოცულობით ნახოს მოგება.

„ამაში გასაკვირი არც არის რამე, ბიზნესია და მოგებაზე მუშაობს, ვერ შეედავები, მაგრამ უფრო გონივრული იქნებოდა, მათი მხრიდან მოგების მიღების გრძელვადიან სტრატეგიაზე გათვლა, რაც მეტწილად ბიზნესსესხების გაცემაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა  – მაცივრებისა და გაზქურების განვადებებით.

„საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ ფაქტობრივად აღიარა და დაადასტურა ეროვნული ბანკის რეგულაციების საჭიროება საფინანსო სექტორში, როცა შემოსავლის დაუდასტურებლად საცალო სესხების ექსპანსია ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერიოდში მხოლოდ სისტემური რისკების გამომწვევი შეიძლება იყოს. რეგულაციების ზეგავლენის პირველადი შოკი კი არც ისე საგანგაშო აღმოჩნდა, როგორც სურათი იყო დახატული. სისტემფორმირებადი ბანკების, „თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო დაბანდება გაზრდილია შესაბამისად 158 და 131 მილიონით“, – წერს შოთა გულბანი.

 

ავტორი: ნინო ტაბატაძე