შოთა გეწაძე - ახლა სასამართლო გაცილებით თავისუფალია, მათ შორის პოლიტიკური და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან
შოთა გეწაძე - ახლა სასამართლო გაცილებით თავისუფალია, მათ შორის პოლიტიკური და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან

შოთა გეწაძე – დღეს სასამართლო არის ყველაფრისგან დამოუკიდებელი, მათ შორის პოლიტიკური ხელისუფლებისგან

2011 წელთან შედარებით სასამართლო სისტემაში ტენდენცია არის კარგი, დამოუკიდებლობის, კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობის კუთხით, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შოთა გეწაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ მოსამართლედ 2011 წელს დაინიშნა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი დაინტერესდა, მოსამართლეობის კანდიდატი ხედავს თუ არა განსხვავებას მაშინდელ სასამართლო სისტემასა და ახლანდელს შორის.

როგორც შოთა გეწაძემ აღნიშნა, ტენდენცია არის კარგი, რასაც ბევრმა რამემ შეუწყო ხელი.

„დავიწყოთ სასამართლო რეფორმებით, გარკვეული პოლიტიკური ცვლილებებით, 2012 წელს განხორციელებული ცვლილებებით. გულახდილად გეტყვით, იგრძნობოდა ეს და დღესაც იგრძნობა, გაცილებით მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, თუმცა აქვე დავძენ იმას, რომ ეს, რაც გვაქვს აქამდე, ჯერ ამ დონის დამოუკიდებლობა არ არსებულა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა, რაც მე მინდა. შედარება არის იმდაგვარი, რომ დღეს გაცილებით დადებითია, უფრო დამოუკიდებელია. 2011 წელს მე ვგრძნობდი გარკვეულ პრობლემებს, მართალი რომ გითხრათ, ეს შეუძლებელია არ იგრძნოს მოსამართლემ თუნდაც ერთი წლის მანძილზე, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში ისეთი კატასტროფა, რაზეც საუბრობდნენ, მე ვერ ვგრძნობდი“, – განაცხადა გეწაძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად რა განსხვავებაა, მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ დღეს მოსამართლეები ბევრად დამოუკიდებელნი, თამამები და კვალიფიციურები არიან.

„რასაც მე ახლა ვატყობ, მოსამართლეებს უფრო თავისუფლად შეუძლიათ თავისი სიტყვის თქმა. თუნდაც იუსტიციის საბჭო, მე არ მახსოვს ასეთი აქტიურობა სასამართლო ხელისუფლების მხრიდან თავისი უფლებების დასაცავად, როგორც ეს ახლაა“, – განაცხადა გეწაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის კითხვაზე, რისგან არის ახლა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი, მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით დღეს სასამართლო ყველაფრისგან დამოუკიდებელია, მათ შორის – პოლიტიკური ხელისუფლებისგან.

„ჩემთან დაკავშირებით, ერთი წლის განმავლობაში, რაც მოსამართლე ვიყავი, პოლიტიკური ზეწოლა და ჩარევა ამ თვალსაზრისით ჩემს საქმიანობაში არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, მე არ გავჩუმდებოდი“, – განაცხადა გეწაძემ.

კითხვაზე, მაშინ, როდესაც ის აპარატის თანამშრომლად მუშაობდა, მაშინაც არ ჰქონდა განცდა, რომ იყო საქმეები, რომელსაც პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, შოთა გეწაძე პასუხობს, რომ ეს ისეთი პოზიციებია, რომ ნაკლებად იგრძნობა მსგავსი რამ.

„ყველაფერი კარგად რომ არ იყო, რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, მაგრამ სიღრმისეულად ვერ ვგრძნობდი, პოზიცია არ მაძლევდა ამ საქმეებში ღრმად ჩახედვის საშუალებას“, – განაცხადა გეწაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დაეთანხმა დიმიტრი ცქიტიშვილს კითხვაზე, განაპირობებდა თუ არა პოლიტიკური გარემო გარკვეულ თვითცენზურას და უპასუხა, რომ „ესეც ალბათ იყო, თუმცა მოსამართლის თანაშემწე ასე ღრმად არ არის საქმეებში ჩახედული რომ მან გარკვეული დასკვნა გამოიტანოს“.

შოთა გეწაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც მოსამართლე არ იყო და მუშაობდა აპარატში, ხანდახან ყოფილა შემთხვევები, როდესაც გასჩენია საკუთარი პირადი მოსაზრება, რომ სწორად ან არასწორად მიჰყავდა მოსამართლეს საქმე.

„მინდა, სწორად იყოს ჩემი პოზიცია დაფიქსირებული, რომ სასამართლო ადრე არ იყო დამოუკიდებელი და უცებ გახდა დამოუკიდებელი. აქ საუბარია დამოუკიდებლობის ხარისხზე. ახლა გაცილებით თავისუფალია პოლიტიკური ხელისუფლებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ამის თქმა მინდა. ეს იგრძნობოდა თუნდაც იმ სტატისტიკით, რომელიც ძირითადად სისხლის სამართალს ეხება“, – განაცხადა გეწაძემ.

დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა კი მოსამართლეობის კანდიდატს სთხოვა დაესახელებინა კონკრეტული შემთხვევები, თუ რა ფორმით, ვინ ერეოდა საქმეების განხილვაში და რას გულისხმობს, როდესაც დამოუკიდებლობის მხრივ განსხვავებებზე საუბრობს, რაზეც შოთა გეწაძემ უპასუხა, რომ კონკრეტული ფაქტები მან არ იცის.