შოთა გეწაძე - ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მაშინდელ კონსტიტუციასთან შესაბამისი იყო, დღეს რომ მოქმედებდეს იგივე კანონმდებლობა, მივიღებდი იმავე გადაწყვეტილებას
შოთა გეწაძე - ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მაშინდელ კონსტიტუციასთან შესაბამისი იყო, დღეს რომ მოქმედებდეს იგივე კანონმდებლობა, მივიღებდი იმავე გადაწყვეტილებას

ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მაშინდელ კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ განაცხადა.

სხდომაზე დეპუტატი დაჩი ბერაია დაინტერესდა, 2011 წელს მოსამართლე შოთა გეწაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება იყო თუ არა სამართლებრივად გამართული, კანონიერი და სამართლიანი.

დეპუტატის კითხვის საპასუხოდ შეთა გეწაძემ აღნიშნა, რომ მაშინ მოქმედი კანონმდებლობით მისი გადაწყვეტილება იყო სამართლებრივად სწორი.

„მოქალაქეობა არ არის ის უფლება, რომ ჩვენ სამართლიანობაზე ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში სამართლიანი და კანონიერი ერთმანეთს ემთხვეოდა. მხოლოდ სამართლიანობაზე საუბარი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებით სხვა საკითხებისგან, არ არის სამართლებრივად სწორი. ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ვერ ავცდებით ამ გადაწყვეტილების სამართლიანობის შეფასებას. განყენებულად არ შეიძლება ამაზე საუბარი. ეს ისეთი სამართლებრივი პრობლემაა, უნდა აიხსნას მისი სამართლებრივი მხარე, რათა საზოგადოებამ შეაფასოს სამართლიანობა. ორ მოსარჩელეს, ივანიშვილსა და ხვედელიძეს, ორივეს გააჩნდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, ხვედელიძეს ასევე გააჩნდა საფრანგეთის მოქალაქეობა. შემდგომში მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მათთვის მიენიჭებინათ საქართველოს მოქალაქეობა. განაცხადში დაფიქსირდა, რომ ორივე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. პრეზიდენტმა მიანიჭა მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ორივეს. წლების შემდეგ, 2011 წელს პრეზიდენტმა ორივეს შეუწყვიტა მოქალაქეობა. მოსარჩელე ივანიშვილს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მაშინდელი კონსტიტუციური ჩანაწერით და ორგანული კანონით მოქალაქეობის შესახებ ეწერა – თუ საქართველოს მოქალაქე შემდგომში მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, მაშინ მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ზუსტად ეს იყო მაშინ სახეზე“, – განაცხადა გეწაძემ.

ამასთან, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთვეის საკითხზე დღესაც მიიღებდა თუ არა იმავე გადაწყვეტილებას.

„დღეს რომ მოქმედებდეს იგივე კანონმდებლობა და კონსტიტუცია, მივიღებდი იმავე გადაწყვეტილებას, რადგან ის იყო კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისი. ეს გადაწყვეტილება მაშინდელ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იყო. არავითარი ზეწოლა ამის თაობაზე არ ყოფილა ზეწოლა რომ ყოფილიყო მოსარჩელე ხვედელიძეს დავუკმაყოფილებდი სარჩელს? დღესაც რომ ის კანონდებლობა არსებობდეს, დღესაც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი, რადგან ის იყო სამართლებრივად გამართული და კონსტიტუციური“, – განაცხადა გეწაძემ.