შოთა დიღმელაშვილი - ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო, უსუფაშვილი, სვეშჩამი
შოთა დიღმელაშვილი - ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო, უსუფაშვილი, სვეშჩამი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

​შოთა დიღმელაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს: „ჯერ გაცნობაც ვერ მოვასწარით, არა თუ დამეგობრება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო. უსუფაშვილი, სვეშჩამი“. არ ვიცი, გახარია გადადგება თუ არა, მე ვფიქრობ, რომ უნდა გადადგეს, მაგრამ პროპორციული არჩევნების ნაწილში ძეობა გვაქვს და შეგიძლიათ გაიღიმოთ – დავით უსუფაშვილის სიტყვა შეხვედრაზე“.

დავით უსუფაშვილმა დღეს საარჩევნო სისტემის ცვლილების პრეზენტაციაზე განაცხადა: „გავიღიმოთ, ჩვენ პროპორციული არჩევნების ძეობაში ვართ და არა გასვენებაში”. ამასთან, უსუფაშვილმა აღნიშნა: „არ ვიცი, როდის გადადგება შს მინისტრი, მგონია, რომ უნდა გადადგეს, მაგრამ საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესს ხელი არ უნდა შეეშალოს”.

დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენლები.