დავით უსუფაშვილი - არ ვიცი, როდის გადადგება შს მინისტრი, მგონია, რომ უნდა გადადგეს, მაგრამ საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესს ხელი არ უნდა შეეშალოს
მე არ ვიცი, როდის გადადგება შს მინისტრი, არადა მგონია, რომ უნდა გადადგეს, მე არ ვიცი, როგორ წავა სასამართლოებში საქმე დაკომპლექტების და უამრავი სხვა, ახლა არ გავაგრძელებ, მაგრამ მინდა შევთანხმდეთ, რომ რა პრობლემაც არ უნდა გაჩნდეს, ამ პროცესს ხელი არ შეუშალოს ამ ყველაფერმა, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საარჩევნო სისტემის ცვლილების პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, სახელისუფლო მხარეც, ოპოზიციურიც და საზოგადოებრივიც კონცენტრირებული უნდა იყოს ამოცანის ბოლომდე მიყვანამდე, რადგან ეს სჭირდება ქვეყანას გაცილებით გრძელვადიან პერსპექტივაში.
„მინდა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვთხოვო, რაღაცნაირად იყვნენ ამისი გარანტიც. რაზე შევთანხმდებით, ვერ შევთანხმდებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეს ჩვენი საქმეა, მაგრამ პროცესი რომ უნდა მიდიოდეს და მიდიოდეს ამაზე მინდა, რომ შევთანხმდეთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ასევე მანდატების გადანაწილების საკითხი.
„ვინაიდან ნულოვან, ბუნებრივ ბარიერზე გააკეთა არჩევანი „ოცნებამ“, იქნებ თანმიმდევრული ვიყოთ მანდატების განაწილების სისტემაშიც და ის გაუნაწილებელი თითო მანდატი ერგოს არა ყველაზე უფრო ძლიერ პარტიებს, არამედ იმათ, ვისაც მეტი ნაშთი დარჩა მანდატების მიღების შემდეგ. განვმარტავ, შეიძლება პარტიამ მიიღოს ორი მანდატი და მესამე მანდატის მისაღებად დააკლდეს 100 ხმა და ვიღაცა პარტიამ მიიღოს 50 მანდატი, და 51 -ს მისაღებად დააკლდეს 13 000 ხმა. შემოთავაზებული სისტემით, ვისაც 13 000 დააკლდა, რადგან დიდიაო მიაქვს ის მანდატი. სამართლიანობის და პროპორციულობის და ამ პრინციპის შესაბამისი უფრო ის იქნება, რომ ვისაც თავისი მოპოვებული ხმები, გაუნაწილებელი, ნაშთად დარჩენილი, მეტი აღმოაჩნდა, ასე დავალაგოთ პარტიები და იმათ გადავცეთ ის გაუნაწილებელი მანდატი. ეს სისტემას და პრინციპს უფრო მეტად შეესაბამება. თუმცა ამ თემებზე ცხადია უფრო დეტალურად იმ სამუშაო რეჟიმშია სასაუბრო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.