შოთა ცანავა - ვცდილობთ, სახელმწიფოს მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს ლუგარის ლაბორატორიაში თითოეული ტესტის ჩატარება
შოთა ცანავა - ვცდილობთ, სახელმწიფოს მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს ლუგარის ლაბორატორიაში თითოეული ტესტის ჩატარება

ვცდილობთ, სახელმწიფოს მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს თითოეული ტესტის ჩატარება, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ დღეში“განაცხადა.

როგორც შოთა ცანავამ აღნიშნა, დღესდღეისობით ლუგარის ლაბორატორია 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

კითხვაზე, რა ღირს თითოეული ტესტი, ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცენტრში მაქსიმალურად ცდილობენ, ამ ტესტების ჩატარება სახელმწიფოს იაფი დაუჯდეს.

„ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს სახელმწიფოს, ჩვენი ურთიერთობების ხარჯზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის ავტორიტეტის ხარჯზე და ა.შ. არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაში და მსოფლიოში ვახერხებთ, რომ მინიმალური ხარჯებით ვაკეთოთ. სისტემა, რომელიც იდენტიფიცირებას ახდენს ავადმყოფებისა დადასტურებულში გადაგვყავს, შესაძლო და საეჭვო შემთხვევები მუშაობას გამართულად“, – განაცხადა შოთა ცანავამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლაბორატორიაში კორონავირუსის სამკურნალო წამალ-საშუალებების ტესტირება არ მიმდინარეობს.

„ჩვენ ეს მიმართულება არ გვაქვს აღებული. არავითარი სამკურნალო წამალ-საშუალებების ტესტირება არ ხდება. ჩვენთან ხდება ლაბორატორიული ზედამხედველობა და ეპიდზედამხედველობა მთელ ცენტრში. ლუგარი ორგანული შემადგენელი ნაწილია ჩვენი ცენტრისა და ასე, რომ ჩვენი მიმართულებაა ლაბორატორიული ზედამხედველობა და ეპიდზედამხედველობა. ჩვენ სამკურნალო წამალ-საშუალებებზე არ ვმუშაობთ, მაგრამ თუ დასჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ამ პროცესში ჩავერთოთ, შეგვიძლია ჩავერთოთ, რადგან საკმაოდ ძლიერი პოტენციალი გვაქვს“, – განაცხადა შოთა ცანავამ.