შოთა ცანავა - ვაფრთხილებ საზოგადოებას, უღრმესი მადლობა ტაშისთვის, მაგრამ ახლა თქვენ უნდა იშრომოთ და აღასრულოთ რეკომენდაციები
შოთა ცანავა - ვაფრთხილებ საზოგადოებას, უღრმესი მადლობა ტაშისთვის, მაგრამ ახლა თქვენ უნდა იშრომოთ და აღასრულოთ რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთეს, რათა კორონავირუსის შემოჭრა პროგნოზირებადი ყოფილიყო და არ ყოფილიყო უეცარი, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

როგორც ცანავამ აღნიშნა, საქართველოს რეაგირება ვირუსის შემოჭრაზე არის ადეკვატური.

კორონავირუსი ჩვენთვის არის უცნობი, ადამიანთა უჯრედებისთვის არის უცნობი. ის მთელ მსოფლიოში ადამიანთა პოპულაციაში ასეთი სწრაფი განვითარებით, გამრავლებით, გავრცელებით ხასიათდება და ჩვენ მას ნაკლებად ვიცნობთ. აი, ეს არის მთავარი პრობლემა, დანარჩენი რაც ხდება ჩვენს თავს, ეს არის ის, რომ მეორე ნაწილი, ანუ ჩვენი რეაგირება მის შემოჭრაზე არის ადეკვატური. მე შემიძლია ეს ხმამაღლა ვთქვა. საქართველოში საქმის კურსშია მაყურებელი, თუ რა ხდება, რა ტემპებით ვრცელდება კაცობრიობისთვის, ადამიანისთვის უცნობი ვირუსი. ჩვენ ამ გამოწვევას ძალიან ფრთხილად მოვეკიდეთ. მხედველობაში მაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ეს შემოჭრა პროგნოზირებადი ყოფილიყო და არ ყოფილიყო უეცარი. დამეთანხმეთ, საქართველოში კორონავირუსული ინფექცია სულ სხვა ტემპებით ხასიათდება, ხოლო რაც შეეხება კლინიკურ გამოვლინებას, რაც შეეხება დაზიანების ფაქტორებს, ის არ განსხვავდება იმისგან, რაც არის მთელ მსოფლიოში. ასე რომ, ჩვენ ამ ნაწილში, ჩვენგან რეაგირების ნაწილში, სრულად ვფლობთ სიტუაციას და ეს მე ცოტა ოპტიმიზმს მაძლევს“,- განაცხადა ცანავამ.

ამასთან, როგორც ლუგარის ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა განაცხადა, საქართველოში განხორციელდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა მძიმე შედეგებს, დარტყმის ეფექტებს და ეს სახეზეა. როგორც ცანავა ამბობს, ახლა ჯერი საზოგადოებაზეა და თუ რეკომენდაციებს არ შესრულდება, შედეგი მძიმე იქნება.

„ვიცი შემეკითხებით, როგორ განვითარდება, რა იქნება მომავალში. ჩვენ არ ვიცით, კორონავირუსისა და ადამიანის ურთიერთობის შედეგები როგორი იქნება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ყველა ღონისძიება. არ გეგონოთ ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ვარ, ეს სახეზეა, ეს ფაქტია. ეს ჩვენი პრევენციული მედიცინის და ჩვენი ავტორიტეტების ძალიან დიდი დამსახურება. მათ შეძლეს ამის გაკეთება. მეც ვთვლი ჩემ თავს, ბოლო ჯარისკაცი მე ვარ, ვთქვათ ამ ბრძოლაში. მინდა, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, ახლა სასინჯი ქვა დევს ჩვენს პოპულაციაში, ჩვენს მოსახლეობაში. თუ ეს მოსახლეობა მხოლოდ ტაშს დაგვიკრავს და თვითონ არაფერს გააკეთებს, ეს იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი.

მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ჩვენ საზოგადოებას, უღრმესი მადლობა ტაშისთვის, მაგრამ ახლა თქვენ უნდა იშრომოთ, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო  და აღასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, რომელიც მოდის ჯანდაცვის სამინისტროსგან“,- განაცხადა შოთა ცანავამ.