შოთა ცანავა - ლუგარის ლაბორატორიაში დღეში ჩატარებული ტესტების რაოდენობა საშუალოდ რამდენიმე ასეულია

ლუგარის ლაბორატორიაში დღეში ჩატარებული ტესტების რაოდენობა საშუალოდ არის რამდენიმე ასეული, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ დღეში“განაცხადა.

როგორც შოთა ცანავამ აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორიაში დღესდღეობით დატვირთვა არის საკმაოდ დიდი.

„24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, დატვირთა არის სრული, ამაზე მეტი დატვირთა შეუძლებელია“, – განაცხადა შოთა ცავანამ.

კითხვაზე, რაც ღირს თითოეული ტესტი, ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცენტრში მაქსიმალურად ცდილობენ, ამ ტესტების ჩატარება სახელმწიფოს იაფი დაუჯდეს.

„ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს სახელმწიფოს, ჩვენი ურთიერთობების ხარჯზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის ავტორიტეტის ხარჯზე და ა.შ. არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაში და მსოფლიოში ვახერხებთ, რომ მინიმალური ხარჯებით ვაკეთოთ. სისტემა, რომელიც იდენტიფიცირებას ახდენს ავადმყოფებისა დადასტურებულში გადაგვყავს, შესაძლო და საეჭვო შემთხვევები მუშაობას გამართულად“, – განაცხადა შოთა ცანავამ.

მისივე თქმით, დღესდღეობით ლაბორატორიაში კორონავირუსის სამკურნალო წამალ-საშუალებების ტესტირება არ მიმდინარეობს.

„ჩვენ ეს მიმართულება არ გვაქვს აღებული. არავითარი სამკურნალო წამალ-საშუალებების ტესტირება არ ხდება. ჩვენთან ხდება ლაბორატორიული ზედამხედველობა და ეპიდზედამხედველობა მთელი ცენტრში. ლუგარი ორგანული შემადგენელი ნაწილია ჩვენი ცენტრისა და ასე, რომ ჩვენი მიმართულებაა ლაბორატორიული ზედამხედველობა და ეპიდზედამხდველობა. ჩვენ სამკურნალო წამალ-საშუალებეზე არ ვმუშაობთ, მაგრამ თუ დასჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ამ პროცესში ჩავერთოთ, შეგვიძლია, ჩავერთოთ, რადგან საკმაოდ ძლიერი პოტენციალი გვაქვს“, – განაცხადა შოთა ცანავამ.

მისივე თქმით, წინგადადგმული ნაბიჯია, რომ დღეს ტესტირება ხდება იმერეთსა და აჭარაშიც.

„ჩვენი ინიციატივა იყო, რომ დეცენტრალიზაცია გაგვეკეთებინა საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი სამსახურის და გენერალური დირექტორის დამსახურებაა, რომ დეცენტრალიზაცია მოხდა, ანუ ჩვენი სამსახურის ფილიალებში იმერეთსა და აჭარაში აკეთებენ ტესტირებას. მხოლოდ აქ ერთ დაწესებულებაში არ ხდება ეს. იმერეთშიც და აჭარაშიც ახლა შესაძლებელია განხორციელდეს მაღალი დონის ლაბორატორიული ზედამხედველობა“, – განაცხადა შოთა ცანავამ.

ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენელმა ლაბორატორიაში დასაქმებულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია.

„ხალხი, რომელიც ლუგარში მუშაობს, დღეს და გუშინ არ მოსულან, ისინი სისტემატური მუშაობის, გამუდმებული ტრენინგების შედეგად იქცნენ იმ ერთეულებად, რომელთაც შეუძლიათ საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება. ისინი დაავადებთა კონტროლის ცენტრის ორგანული ნაწილი არიან. ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, გამუდმებული ტრენინგისა და პრესის ქვეშ იმყოფებიან, ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ მოადუნონ თავიანთი პროფესიული შესაძლებლობები, რომელიც ახლა საკმაოდ მაღალია. ეს სისტემა ჩვენს ქვეყანაში მუშაობს გამართულად და ვიცი რა სიტუაცია გვაქვს“, – განაცხადა შოთა ცანავამ.