შოთა ცანავა აცხადებს, რომ ჯერ არ არის დასრულებული კვლევა, საქართველოში გავრცელებული კორონავირუსი თავისი გენოტიპით რომელ ქვეყნებთან დგას ახლოს
შოთა ცანავა აცხადებს, რომ ჯერ არ არის დასრულებული კვლევა, საქართველოში გავრცელებული კორონავირუსი თავისი გენოტიპით რომელ ქვეყნებთან დგას ახლოს

ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსის, შოთა ცანავას განცხადებით, ჯერ არ არის დასრულებული კვლევა, საქართველოში გავრცელებული კორონავირუსი თავისი გენოტიპით რომელ ქვეყნებთან დგას ახლოს.

როგორც ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ განაცხადა, აღნიშნული საკითხი დიდ შრომას საჭიროებს და როგორც კი ხელშესახები შედეგები ექნებათ, საზოგადოებას ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდიან.

„საქმე იმაშია, რომ ეს კვლევები არ არის ჯერ დასრულებული, არ არის სრულყოფილი. არის ცალკეული ფრაგმენტები კვლევების, სადაც რომელიმე მეზობელ ქვეყნებთან, რეგიონულ შტამებთან ასე ვთქვათ ვირუსისა, ჯერ არ ჩანს კავშირები. ამაზე მიდის მუშაობა. ამჟამად ვერ მოგახსენებთ, ვისთან უფრო ახლოს ვართ, ანუ რომელი შტამები უფრო ახლოს არის ჩვენთან, ან ჩვენს ვირუსებთან, ჩვენს შტამებთან. ასე რომ, ეს კიდევ უზარმაზარი შრომის საბაბია, უზარმაზარი შრომა უნდა ჩაიდოს ამაშიც და საზოგადოებას მაშინვე მივაწვდით ინფორმაციას, როგორც კი გვექნება ხელშესახები შედეგები და არა მხოლოდ თეორიები და მოსაზრებები“,- განაცხადა ცანავამ.

მისივე თქმით, ვირუსთან საბრძოლველად აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება.

„ჩვენ ახლა გვჭირდება დაცვა, უპირობო დაცვა და არა ჩვენი ქართული ხასიათით. სხვათა შორის, ვხედავ, დიდი ნაწილი ამას ცდილობს, რომ დაიცვას ეს რეკომენდაციები, აღასრულოს ეს რეკომენდაციები და იცხოვროს ისე, როგორც ამას ამჯერად ვკარნახობთ. ეს აუცილებელია და აქ არავითარი სხვა არგუმენტი არ არის მოსატანი. ჩვენთვის, ექსპერტისთვის, პროფესიონალისთვის, მიუღებელია ყველა მოსაზრება, ყველა პლაკატი, გარდა ჩვენი პლაკატებისა, სადაც მკაფიოდ არის დათქმული ყველა ის პირობა, რომელიც მოგვეხმარება, კიდევ ვიმეორებ, ნაკლები დანახარჯებით ამ ომიდან გამოსვლაში“,- განაცხადა ცანავამ.

როგორც ცანავა აცხადებს, მათი მუშაობის აქცენტი გადატანილია ინფიცირებულების დიაგნოსტირებაზე და შემდეგი ეტაპი გენოტიპის შესწავლა იქნება, რითაც ბევრ რამეს ნათელი მოეფინება.

როგორც ლუგარის ლაბორატორიის ეპიდემიოლოგი ამბობს, ახლა უმთავრესი ამოცანაა სწორად განსაზღვრონ ინფიცირებულების კლასტერები.

გ​ენოტიპის შესწავლა აუცილებლად იქნება, ეს შემდგომი ეტაპია. გენოტიპის შესწავლით ჩვენ ბევრ რამეს მოვფენთ ნათელს, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, საქართველოში, ჩვენთან რეგიონში, და ა.შ. პირველი და უმთავრესი ამოცანა ახლა არის ჩვენი სწორი დიაგნოსტირება, სწორად განსაზღვრა იმ ჯგუფების, იმ კლასტერების, ახლა მოდაში რომ გვაქვს ეს სიტყვა, და ა.შ. სადაც ჩვენ ამ ბადეში მოვაყოლებთ ყველა კონტაქტირებულს, ყველა ინფიცირებულს. დამიჯერეთ, ეს ძალზედ მძიმე საქმეა. ამას ჩვენი ეპიდსამსახური ბრწყინვალედ აკეთებს. ახლა, ამ ეტაპზე, უკვე კარგია ასეთი კითხვა რომ გაჩნდა, გენოტიპის შესწავლაზეც რომ გადავიდეთ, ეს არის ბრწყინვალე, შემდგომი ნაბიჯი, ოღონდ ჯერ მივხედოთ აქაურობას და პირობას გაძლევთ, ამასაც გავაკეთებთ“,- განაცხადა შოთა ცანავამ.