შოთა ბერეკაშვილი - პროფესიული განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივაა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავხადოთ პროფესიონალი
შოთა ბერეკაშვილი - პროფესიული განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივაა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავხადოთ პროფესიონალი

ჩვენ კომპანიაში ორასზე მეტი ვაკანსია მაქვს, რასაც ვერ ვაკმაყოფილებ, მსურველი არის, მაგრამ მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს, პროფესიული განათლების მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, – ამის შესახებ „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მმართველმა პარტნიორმა, შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„პროფესიული განათლების მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მე წარმოვადგენ სამშენებლო დეველოპერ სექტორს, რომელიც ძალიან სწრაფად მზარდი და კონკურენტული სექტორია ბაზარზე და ბაზრის დინამიკა განსაზღვრავს გადაწყვეტილებებს. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ჩვენ კომპანიაში ორასზე მეტი ვაკანსია მაქვს, რომელსაც ვერ ვაკმაყოფილებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსურველი არ არის. მსურველი არის, მაგრამ მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც კომპანიას გააჩნია. ამ შემთხვევაში ხალხი არ არის შესაბამისი უნარებით, რაც ბიზნესს სჭირდება. ამ შემთხვევაში დგება საკითხი, რას ვაკეთებთ და სად ვეძებთ ამ სამუშაო რესურსს? გადაწყვეტილება არის ორი, ან ლოკალურ ბაზარზე ეძებ, ან  ახორციელებ სამუშაო ძალის იმპორტს, ის ლოკალურ ბაზარზე თუ არ არის. ამ შემთხვევაში სამინისტროს ინიციატივა არის ერთადერთი სწორი გზა“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, ერთობლივი კოლეჯები ძალიან კარგი შედეგების მომტანია.

„ძალიან კარგია ერთობლივი სამშენებლო კოლეჯები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, სადაც სპეციალობების მიხედვით ერთობლივად ვადგენთ პროგრამებს იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბაზარზეა და ეს სექტორისთვის მნიშვნელოვანია. პროფესიონალი დგება მაშინ, როდესაც სპეციალისტი წარმოების დროს გარკვეულ პროდუქტიულობას აღწევს. როდესაც კომპანია თვითონ ატრენინგებს ამ ადამიანებს, შესაბამისად, გარანტირებულად იღებს ისეთ კადრს, რომელიც უნდა, დასაქმებული ჰყავდეს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

როგორც „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მმართველმა პარტნიორმა აღნიშნა, 2020-2023 წლებში, მათ მხოლოდ ერთ ერთობლივ კოლეჯში 250 სპეციალისტი მომზადდა, თეორიული სწავლებით, საწარმოო პრაქტიკით და სამშენებლო პროცესებში მათი ინტეგრირებით.

ამასთან, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ საერთო ჯამში, მთლიანად რომ იქნას ათვისებული დასაქმების რესურსი, რომელიც ვაკანსიებში არსებობს, საქართველოში არ იქნება უმუშევრობის ის მაჩვენებელი, რაც არსებობს.

„უბრალოდ, სამუშაო ბაზარს არ გააჩნია ეს რესურსი, სპეციალისტების დეფიციტია. პარადოქსული სიტუაციაა, ერთი მხრივ, ვაკანსიები არის და მეორე მხრივ, არ ხდება ამ ვაკანსიების შევსება. პროფესიონალიზმი განსაზღვრავს პროდუქტიულობას და პროდუქტიულობა განსაზღვრავს ანაზღაურებას. ჩვენ სექტორში პროფესიონალი სპეციალისტების ანაზღაურება საშუალოდ, 3000-დან 6000 ლარს შორის მერყეობს, იმის მიხედვით, ვინ როგორი პროფესიონალია. მთელი ჩვენი მიზანი მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი გავხადოთ პროფესიონალი“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.