შოთა ბერეკაშვილი - პარლამენტში შეიქმნება კომისია, რომელიც დისტრიბუტორებთან, რითეილერებთან, მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან ერთად იმუშავებს, გვჯერა, ფასების შემცირებას შევძლებთ
შოთა ბერეკაშვილი - პარლამენტში შეიქმნება კომისია, რომელიც დისტრიბუტორებთან, რითეილერებთან, მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან ერთად იმუშავებს, გვჯერა, ფასების შემცირებას შევძლებთ

ჩვენი მიზანია, სწორად შევისწავლოთ, რა პროცესებია ფასწარმოქმნის ჯაჭვში, რა შესაძლებლობაა იმისა, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის ოპტიმიზაცია შევძლოთ, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება სამომხმარებლო პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასების შემცირების კუთხით, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სექტორის მხრიდან წარმოდგენილი იყო სხვადასხვა წინადადება.

„მოვისმინეთ სექტორიდან სხვადასხვა წინადადება. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან მუშაობას. პარლამენტში შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც დისტრიბუტორებთან, რითეილერებთან, მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან ერთად იმუშავებს აღნიშნულ საკითხზე. საბოლოო ჯამში, გვჯერა, მივაღწევთ იმას, რომ გარკვეულ პერიოდში შევძლებთ ფასების შემცირებას. ყოველივე ეს დადებითად აისახება ჩვენს მომხმარებელსა და საქართველოს მოქალაქეებზე“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.