შოთა ბაბუნაშვილმა კარიერა დაასრულა
შოთა ბაბუნაშვილმა კარიერა დაასრულა

შოთა ბაბუნაშვილმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ინფორმაცია „ტორპედოს“ პრესატაშემ, ედო ბადალაშვილმა გაავრცელა.

ბაბუნაშვილი ქუთაისის „ტორპედოში“ ირიცხებოდა, მაგრამ წელს ტრავმების გამო ერთხელაც არ უთამაშია. 37 წლის ვეტერანმა კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ 1997 წელს დაიწყო და მშობლიურ კლუბში 21 წლის შემდეგ დაასრულა. წლების განმავლობაში იყო გუნდის ლიდერი და კაპიტანი. „ტორპედოსთან“ ერთად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, ეროვნული თასი და სუპერთასი.

ბადალაშვილის თქმით, 14 ოქტომბერს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას არაერთი ცნობილი ფეხბურთელი მიიღებს.

მონაწილეთა ზუსტი ვინაობა უახლოეს დღეებში დაზუსტდება. დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ნაკრებისა და „ტორპედოს“ ახლო წარსულის ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ ასათიანი იქნება.

შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი „რამაზ შენგელიაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.