ტაშკენტის „ფახთაქორში“, რომელსაც ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე ავარჯიშებს, კორონავირუსზე შემოწმების შემდეგ დადებითი ტესტი ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს აღმოაჩნდა. ამის შემდეგ, გუნდის სრული შემადგენლობა იზოლაციაში გადავიდა.
„ტრიბუნა.უზ“-ის (Tribuna.uz) ცნობით, შემოწმება ჩაუტარდათ „ფახთაქორის“ დანარჩენ ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და სხვა თანამშრომლებს. ტესტების შედეგები ორშაბათს, 20 ივლისს იქნება ცნობილი, რის შემდეგაც შესაძლოა, სხვა ზომებიც იქნას მიღებული.
„ფახთაქორს“ უზბეკეთის ჩემპიონატში ცხრა ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ტაშკენტელებს მომდევნო მატჩი 23 ივლისს, სტუმრად, „კოკანდ-1912“-თან ელით, თუმცა, შესაძლოა, კალენდარში ცვლილებები შევიდეს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის 22 ივლისს „აგმკ“-სა და ტაშკენტის „ლოკომოტივის“ მატჩის ჩატარებაც, რადგან 13 ივლისს „ფახთაქორმა“ სწორედ „აგმკ“-სთან ითამაშა და არსებობს რისკი, რომ მატჩის დროს ალმალიკელი ფეხბურთელებიც დაინფიცირდნენ.