შოთა არველაძე კობიაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა - საქართველოს ნაკრები ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს თუ არა #1TVSPORT
შოთა არველაძე კობიაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა - საქართველოს ნაკრები ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს თუ არა #1TVSPORT

შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის გამოსვლას ტელეკომპოანია იმედის ეთერში, სადაც მან ქართული ფეხბურთის კრიტიკაზე ისაუბრა.

შოთა არველაძე: „ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე. ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ“, – წერს არველაძე.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის თქმით, ის გულშემატკივრების რეაქციას დაელოდება:

„უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც – ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას“.

ვეტერანი ფეხბურთელი კობიაშვილის გამოსვლის იმ ფრაზასაც გამოეხმაურა, რამაც ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია – „მიხედე რა შენ საქმეს – რას პროფესორობ“.

„რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს – ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს თუ არა“ – ვკითხულობთ არველაძის მიმართვაში.

დატოვე კომენტარი