შოთა არველაძე ბერძნებთან 2005 წლის მატჩს იხსენებს - ნაკრებმა პირველი ქულები სალონიკში უნდა აიღოს [ვიდეო] #1TVSPORT
შოთა არველაძე ბერძნებთან 2005 წლის მატჩს იხსენებს - ნაკრებმა პირველი ქულები სალონიკში უნდა აიღოს [ვიდეო] #1TVSPORT

შოთა არველაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთი-საქართველოს მატჩამდე სოციალურ ქსელში ავტობიოგრაფიული წიგნიდან („გუშინ“) გამოაქვეყნა მონაკვეთი, სადაც საბერძნეთთან 2005 წელს გამართული მატჩის დროს გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმა გაიხსენა და „ჯვაროსნებს“ წარმატება უსურვა.

„2005 წლის მარტის ბოლოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა, ორივე თბილისში. ჯერ საბერძნეთთან, ოთხი დღის შემდეგ – თურქეთთან. საბერძნეთთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მარტის ბოლოს, ასე თუ ისე, კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი.

თითქმის ორთვენახევრის უთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ალან ჟირესმა სასტარტოში მაინც დამაყენა. ყველაფერი კარგად დაიწყო, ასათიანის გოლით დავწინაურდით და ძალიან ორგანიზებულად ვთამაშობდით. ტაიმის ბოლოს, ბერძნების შეტევისას, ჩვენი საჯარიმო მოედნის სიახლოვესთან ბურთი უნდა მომეგერიებინა, მაგრამ ბურთი ფეხზე ამეჭრა და იქვე მდგომ ბერძენ ფეხბურთელს მიუგორდა, ორი წამიც და… ბერძნებმა ანგარიში გაათანაბრეს.

მათი გოლი ჩემს შეცდომას მოჰყვა, ჩვენი გუნდი ისე აირ-დაირია, რომ შესვენებამდე ევროპის ჩემპიონებმა კიდევ ერთხელ გაგვიტანეს. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი – სტადიონზე მოსული გულშემატკივარი მე მლანძღავდა და თანაც როგორ“, – იხსენებს შოთა არველაძე.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მაშინდელ განცდებზეც წერს:

„ფსიქოლოგიურად ისე ვიყავი განადგურებული, რომ ძალა ვერც მეორე ტაიმისთვის მოვიკრიბე. ჟირესმა მეორე ნახევრის საწყის წუთებში შემცვალა, როცა მოედნიდან გავდიოდი ხალხი მისტვენდა… უშვერად მაგინებდა. თამაშის შემდეგ, თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, უნებლიე შეცდომა არ მაპატიეს. მაგრამ, ხალხი ყოველთვის ლიდერებს ადანაშაულებს და, ალბათ, ასეც უნდა იყოს, უბრალოდ არავინ დამინდო.

ეს საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა. თურქებთან მატჩამდე ორი დღით ადრე, ჟირესმა თავისთან მიხმო… მითხრა – გულშემატკივრის რეაქციით ძალიან გაკვირვებული ვარ და თურქეთთან სამატჩო განაცხადში სჯობს არ იყოო. მოდი, ჟურნალისტებს ვუთხრათ, რომ ტრავმა გაქვსო.

ასეთი შემოთავაზება ძალიან არ მესიამოვნა. ჟირესს ვუთხარი, რომ ტყუილს არ ვიტყოდი. თამაშის წინა დღეს თბილისიდან წამოვედი და არც დავინტერესებულვარ, რა უთხრა ჟირესმა ჩემზე ჟურნალისტებს. თურქეთთან 2:5 წავაგეთ“.

შოთა არველაძემ 31 მარტს სალონიკის „ტუმბა-არენაზე“ გასამართ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ პირველ ქულებს საბერძნეთში აიღებს.

დატოვე კომენტარი