შობის ღამეს, აშშ- მექსიკის საზღვართან მეორე მცირეწლოვანი დაიღუპა
შობის ღამეს, აშშ- მექსიკის საზღვართან მეორე მცირეწლოვანი დაიღუპა

შობის ღამეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვართან მეორე მცირეწლოვანი დაიღუპა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. რვა წლის გვატემალელი ბიჭი საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანიდან მალევე დაიღუპა.

როგორც საიმიგრაციო სამსახური იუწყება, პატარას ავადმყოფობის სიმპტომები შენიშნეს, რის შემდეგაც მცირეწლოვანი და მისი მამა ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. საავადმყოფოში ექიმებმა დაადგინეს, რომ რვა წლის ბიჭს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ერთდღიანი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ მიგრანტი საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში მისი ხელმეორედ განთავსება გახდა საჭირო, რის შემდეგაც რამდენიმე საათში დაიღუპა.

დეკემბერში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე მცირეწლოვანი მიგრანტი დაიღუპა. პირველი შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა, როდესაც ასევე გვატემალელი შვიდი წლის გოგონა წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმესაათიანი ყოფნის შემდეგ დაიღუპა. ამერიკული მედიის ცნობით, მცირეწლოვან გოგონას საკვები და წყალი რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჰქონდა მიღებული.

ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ათასობით გვატემალელი და ჰონდურასელი ცდილობს შეღწევას. მიგრანტები ამჟამად მექსიკაში საზღვართან იმყოფებიან და არალეგალური გზით მის გადაკვეთას ყოველდღიურად ცდილობენ, რაც გარკვეულ შემთხვევებში ფატალურად სრულდება. მათ ამერიკის შეერთებულ შტატებამდე არსებული ოთხი ათას კილომეტრიანი მანძილი თითქმის მთლიანად ფეხით გადაკვეთეს.