შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი - ჩემს დასაჭერად მოვიდნენ, მე გავყვები, მე არ ვარ საფრთხე ამ ქვეყნისთვის, მთავარი საფრთხე ხელისუფლებაშია
ისინი ჩემს დასაჭერად მოვიდნენ. მე გავყვები, მე არ ვარ საფრთხე ამ ქვეყნისთვის, მთავარი საფრთხე ხელისუფლებაშია, – ამის შესახებ შირაკის ეპარქიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაპაჰიანმა ეჩმიაძინის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავარეპისკოპოსმა აჯაპაჰიანმა აღნიშნა, არასდროს დამალულა და დამალვას არც ახლა აპირებს.
„არ მინდა, ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, თითქოს ჩემი ძმების უკან ვიმალები. არავის უკან არ ვიმალები. ისინი ჩემ დასაჭერად მოვიდნენ, მე წავალ. კიდევ უფრო ხმამაღლა ვიტყვი, რომ რაც ხდება, უკანონოა. მე არ ვარ საფრთხე ამ ქვეყნისთვის, მთავარი საფრთხე ხელისუფლებაშია. მე ამ ქვეყნისთვის საფრთხე არ შემიქმნია და არც ვაპირებ. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამ შეშლილის ნებას ასრულებენ, შურისძიებით მემუქრებიან, მეც მათთან ერთად მივდივარ“, – განაცხადა მიქაელ აჯაპაჰიანმა.
სომხური მედიის თანახმად, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჩმიაძინში, სადაც სასულიერო პირთა შეკრება მიმდინარეობდა, უამრავი ნიღბიანი ადამიანი გამოჩნდა. არსებული ცნობებით, ისინი მთავარეპისკოპოს მიქაელის დაპატიმრებას აპირებენ.
ცნობისთვის, სომხეთში ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ ტერაქტის მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. გამოძიების ფარგლებში მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მომზადებაში, მასობრივი არეულობის წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში. ასევე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის წინააღმდეგ.
ამასთან, ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი და პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანი.