შიო მესამე – თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
უფლისგან ჩვენდამი მინდობილი და ბოძებული ვენახი სიმბოლურად არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენგანის მისია და საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ მარტვილში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქვეყნის გამთლიანებისა და გაძლიერებისთვის, მხოლოდ ადამიანური გარჯა საკმარისი არ არის და ასევე საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა.
„უფლისგან ჩვენდამი მინდობილი და ბოძებული ვენახი რა არის? ეს არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენგანის მისია და საქმიანობა. ეს საქმე უნდა კეთდებოდეს ისე, რომ უფალმა დაინახოს კეთილი ნაყოფი ჩვენი საქმიანობიდან და ეს იქნება დიდი საქმე, თუ უმნიშვნელო საქმეც, ისე უნდა ვაკეთოთ, როგორც ღვთის წინაშე გასაკეთებელი. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ყოველთვის გვხედავს, ყველაფერი იცის და ელოდება ჩვენგან ამ ნაყოფს. ადამიანი თუ ასე იცხოვრებს, მისი ცხოვრება ნამდვილად ქრისტიანული გახდება და ჰპოვებს სიმშვიდეს, განსვენებას. ამაოდ კი არ უთქვამს იესო ქრისტეს, რომ თქვენი თმანიც კი დათვლილია თავზე. რას ნიშნავს ეს – უფალს ისე ვუყვარვართ, რომ გვიფრთხილდება და გვიცავს, როგორც თვალის ჩინს. ჩვენ თუ ასე ვიცხოვრებთ, მაშინ ჩვენ მონდობილ, ღვთისგან მონდობილ ვენახში ვიქნებით, როგორც კეთილი მუშაკები, რომლებიც თავის დროზე მივართმევთ უფალს კეთილ ნაყოფს. ამის საუკეთესო მაგალითები იყვნენ წმინდა დავით აღმაშენებელი და წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ და ვფიქრობთ მათ ღვაწლზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყოველ ჩვენგანზე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან წმინდა ადგილას, მარტვილის დიდებულ მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, სადაც მასთან პირადად მოდიოდა დავით აღმაშენებელი, ეკითხებოდა რჩევებს, იღებდა ლოცვა-კურთხევას. ისინი თათბირობდნენ, აქ ოთახიც კი მიაშენეს ამ ტაძარს, სადაც განმარტოვდებოდნენ და საუბრობდნენ საქვეყნო საქმეებზე. ისინი ერთმანეთის ღვაწლს ავსებდნენ. და ამიტომაც ეღირსნენ ღვთისგან დიდ შეწევნას და წყალობას, რომ შემდეგ უკვე დავით აღმაშენებელმა განავრცო საქართველო ნიკოფსიიდგან დარუბანდამდე.
დღეს ჩვენ ვფიქრობთ საქართველოს აწმყოზე, მომავალზე და ამ ორი დიდი მოღვაწის ცხოვრების მაგალითზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ბიბლიურ ჭეშმარიტებაში – თუ ჩვენ გვეგონება, მხოლოდ ჩვენი ძალებით, მხოლოდ ჩვენი ჭკუით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას, გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით. ასე თუ ვიფიქრებთ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ, რადგან არ არის საკმარისი მხოლოდ ადამიანური გარჯა და ძალები. რა არის კიდევ საჭირო ამისთვის? ღვთის ნება და ღვთის შეწევნა. ეს შესანიშნავად უწყოდნენ მეფე დავითმაც და წმინდა გიორგი ჭყონდიდელმაც. ამიტომაც მიიღეს ასეთი საოცარი, საამაყო ნაყოფი. და დღეს ვილოცოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვთხოვოთ უფალს, ვთხოვოთ წმინდა დავით მეფეს, წმიდა გიორგი ჭყონდიდელს, რომ მათი ლოცვით უფალმა მოგვმადლოს ასეთი სინერგია ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და გამთლიანების მიზნისკენ მომართული. აი, ამ მიზნით გაერთიანებულიყოს მთელი ერი. ამ სანუკვარ მისაღწევ ჩვენს მიზანში, ამ დიდ საქმეში უდიდესი როლი აქვს იმ მხარეს, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, სამეგრელოს. სამეგრელო მუდამ უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობის სადარაჯოზე და იცავდეს საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას. ჩვენ ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ სამეგრელო ამ უდიდეს მისიას, როგორც ასრულებდა საუკუნეების განმავლობაში, ასე შემდგომშიც შეასრულებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ამაში. ღმერთმა დალოცოს ჭყონდიდის ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სამეგრელო, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მოგვანიჭოს გამთლიანება, გადარჩენა, მშვიდობა და წყალობა ღვთისა. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.