შიო მესამე – სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს

17:02, 04.10.2026

სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს… მხოლოდ იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობიდან მეთერთმეტე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს – ჯვართამაღლების შემდგომ და სულთმოფენობიდან მეთერთმეტე კვირას. დღეს წმინდა სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს სწავლება პატიების შესახებ. იგი ამბობს, რომ როდესაც შეგცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე მას. მათე მოციქული ამბობს: „ამხილე იგი“ (მთ. 18, 15). ლუკა ამბობს: „მიდი და გაუწყერი მას, როცა შენ და ის მარტონი იქნები“ (ლკ. 17, 3). თუ შეისმინა ეს შენი მხილება და შეინანა, შეგიძენია შენი ძმა, ხოლო თუ არა, მაშინ მიიყვანე შენთან ერთად კიდევ ერთი ან ორი ადამიანი, მათი თანდასწრებით უთხარი. თუ იმათიც არ შეისმინა, ეკლესიას უთხარი. თუ ეკლესიისაც არ შეისმინა და არ შეინანა, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორ მეზვერე და წარმართი, – ამბობს უფალი (მთ. 18, 15-17).

თქვენ გახსოვთ, თუ რას ნიშნავს მეზვერე და წარმართი ებრაელისთვის – შორს იჭერდნენ მათგან თავს, აღარ ურთიერთობდნენ, ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ, როცა წარმართს ან მეზვერეს დაინახავდნენ.

ჩვენთვის რას ნიშნავს ეს? გულში მტრობა კი არ უნდა გვქონდეს, ის მაინც ჩვენს მოყვასად რჩება; უნდა დავლოცოთ იგი, უნდა გვქონდეს ქრისტიანული განწყობა, ქრისტიანულად მოვეპყროთ, მაგრამ თუ არ ინანიებს, არ შეისმენს, მაშინ შეიძლება განვშორდეთ მას ან გარკვეული ზომები მივიღოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ, თუ რაიმე ბოროტებას აკეთებს ისეთს, რომელიც, მაგალითად, აზიანებს საერთო, საქვეყნო, საოჯახო ან საეკლესიო საქმეს.

პეტრე მოციქული ეკითხება უფალს, აზუსტებს: „რამდენჯერ უნდა შემცოდოს ძმამ და შევუნდო მას? შვიდჯერ?“. უფალი პასუხობს: „არ გეუბნები შენ შვიდგზის, არამედ – სამოცდაათჯერ შვიდგზის“ (მთ. 18, 21-22). ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ინანიებს და პატიებას გთხოვს, ყოველთვის უნდა აპატიო. აი, ეს არის უფლის მცნება.

შემდეგ უფალი იესო ქრისტე, იმისთვის, რომ განმარტოს ამ მცნების არსი, მოგვითხროს იგავს უმოწყალო მოვალის შესახებ (მთ. 18, 22-35).

ერთ მეფეს ჰყავდა მონა, რომელსაც მისი ემართა ათი ათასი ტალანტი. ეს ისეთი რიცხვია, რომ განუზომელ ვალს ნიშნავს, მთელ ისრაელში არ მოიპოვებოდა ასეთი თანხა. აი, ასეთი ჰიპერბოლაა. ესე იგი, მას ჰქონდა განუზომელი ვალი ამ მეფისა. მეფემ მოსთხოვა მონას ვალის დაბრუნება. მონა ჩაუვარდა მას მუხლებში, დაუჩოქა და სთხოვა ვალის გადავადება. მეფეს შეებრალა, ვალიც აპატია და გაუშვა. შემდეგ ეს მონა წავიდა, შეხვდა ერთი ამხანაგი, რომელსაც, თავის მხრივ, ამის ვალი ემართა, ოღონდ მცირე რაოდენობით თანხა და ახრჩობდა მას, აიძულებდა, სთხოვდა ვალის დაბრუნებას. ისიც ჩაუვარდა მუხლებში, დაუჩოქა, სთხოვა, ცოტა კიდევ მადროვე და აუცილებლად დაგიბრუნებ ყველაფერსო.

ნახეთ, ვითარება ზუსტად განმეორდა. ეს უმოწყალო მონა ახლა აღმოჩნდა მეფის მდგომარეობაში, მაგრამ მეფისგან განსხვავებით, კი არ შეებრალა და შეიწყალა თავისი ამხანაგი, არამედ როცა მან სთხოვა შეწყალება, ეს წავიდა და საპყრობილეში ჩააგდებინა ამხანაგი. ეს რომ მეფემ შეიტყო, განრისხდა და ამ უმოწყალო მონის დაპატიმრება ბრძანა.

უფალი იესო ქრისტე ასე ასრულებს თავის იგავს: ასე მოგეპყრობათ მამაჩემი ზეციერიც, თუ თქვენ მთელი გულით არ აპატიებთ მოყვასს მის შეცოდებებს (მთ. 18, 35).  აი, ასეთი საოცარი იგავია, ძვირფასო ძმებო და დებო.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბევრ რამეზე. ხშირად ვლაპარაკობთ სამართლიანობაზე. ჩვენც გვიჩნდება ეს შეკითხვა, თუ რამდენჯერ ვაპატიოთ ჩვენს მოყვასს, ვინც შეგვცოდა, ვინც გვაწყენინა რამით, ვინც გვემტერება, მაგრამ სხვა შეკითხვას არ ვსვამთ: როდემდე უნდა მაპატიოს ღმერთმა? განა შვიდჯერ შევცოდე ღმერთს და ჩემს მოყვასს? როდემდე უნდა მქონდეს ღმერთის პატიების იმედი?

გაუთავებლად ვევედრებით უფალს წყალობას და პატიებას, ჩვენს მოყვასებს კი არ ვპატიობთ და ასეთი საქციელი დიდ საფრთხეში ვიგდებთ თავს.

რაში მდგომარეობს საფრთხე, დღევანდელი იგავიდან გამომდინარე? ღმერთი გაგვკიცხავს ასეთი საქციელის გამო და ჩვენს ცოდვებს არ გვაპატიებს. ეს საფრთხე ძალიან ხშირად ხორციელდება ჩვენს ცხოვრებაშიც, მთელ მსოფლიოშიც. ადამიანები კარგავენ სიხარულს, ბედნიერებას, კეთილდღეობას, არა მხოლოდ სულიერს, არამედ ზოგჯერ ელემენტარულ მატერიალურ კეთილდღეობასაც სწორედ იმის გამო, რომ ხშირად ემსგავსებიან ამ უმოწყალო მოვალეს, რომელსაც არ ჰქონდა გულმოწყალება, მიმტევებლობა და სიყვარული.

სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს.

ჩვენ გვავიწყდება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენც უსაზღვრო ვალი გვაქვს, მოვალენი ვართ ღვთის წინაშე, ასევე – მოყვასთა წინაშეც მოვალენი ვართ. ეს გვავიწყდება და გვგონია, რომ ყველას ჩვენი ვალი აქვს, ჩვენ კი არავის ვალი არ გვაქვს, არც ღვთისა და, მით უმეტეს, არც მოყვასისა.

და, აი, მხოლოდ იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც. ასეთი ადამიანი ხვდება, რომ სულ სხვაგვარად უნდა იცხოვროს, არა როგორც ეს უმოწყალო მოვალე ცხოვრობდა, არამედ სულ სხვაგვარად – პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან სწორედ ეს თვისებებია, რომლებიც გზას გვიკვალავენ ამქვეყნად კეთილდღეობისკენ, სიხარულისკენ, ბედნიერებისა და სულის ხსნისკენ.

ამ იგავთან დაკავშირებით კიდევ მინდოდა მეთქვა ერთი რამ. ამ იგავში საოცრად ჩანს ლოცვის ძალა და მნიშვნელობა. რაგინდ ცოდვის უფსკრულში იყოს ჩავარდნილი ადამიანი, უფალს ძალუძს მისი სწრაფად ამოყვანა იქიდან.

ამ უმოწყალო მონას, როგორც გითხარით, ულევი, უსაზღვრო რაოდენობის ვალი ჰქონდა თავისი მეფისა. წმინდა იოანე ოქროპირი, როგორც მას სჩვევია, შესანიშნავად განმარტავს იგავში ამ მონაკვეთს, რომ ამასთან ერთად, ყველაზე ღარიბიც იყო ეს მონა, რადგან არარა გააჩნდა ამ ვალის გასასტუმრებლად. მიუხედავად ამისა, ლოცვის ძალამ იხსნა იგი, როცა შეევედრა პატიებას. მართალია, მერე ცუდად მოიქცა და დაისაჯა, მაგრამ სანამ კარგად იქცეოდა, სთხოვდა და ლოცულობდა, ღმერთმა მთელი ვალი აპატია. წარმოიდგინეთ!

მაგრამ მარტო ლოცვა არ აკეთებს ამას, არამედ ლოცვას ჰყავს დიდი შემწე და თანამბრძოლი, – როგორც წერს წმინდა იოანე ოქროპირი, – ეს არის ღმერთის გულმოწყალება, რომელმაც მის ლოცვასაც ძალა მისცა და შემდეგ შეიწყალა კიდეც ეს ადამიანი. საიდან ჩანს ეს? – მაცხოვრის სიტყვებიდან, რომ მეფეს შეებრალა ეს მონა, გაუშვა ის და მთელი ვალი აპატია.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, გულს ნუ გავიტეხთ ნურასდროს და ნუ დავიზარებთ ლოცვას, არამედ მთელი გულით უნდა წარმოვთქვათ ხოლმე ლოცვის ის სიტყვები, რომლებიც თავად უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა, რომ უფალმა მოგვიტევოს „თანანადებნი ჩვენნი, როგორც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“ (მთ. 6, 12), ამინ!“,- აღნიშნა პატრიარქმა.

მსგავსი