შიო მესამე – ცოდნის მიღებასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭაზე, ვაი იმ ადამიანს, ვინც შეიძენს დიდ ცოდნას, მაგრამ დაიცარიელებს სულს

18:16, 14.09.2026

უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ცოდნის მიღებასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭაზე. მათ გარეშე არანაირი სიბრძნე არ მოვა, ამის გარეშე რაც არ უნდა დიდი ინტელექტის იყოს ადამიანი, რაგინდ დიდი განათლება ჰქონდეს, სულიერად მაინც ბრმა რჩება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სიონში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს ახალი საეკლესიო წლის და, ასევე, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„ახალი წლის დასაწყისში ყოველთვის გვაქვს იმედები, რომ ეს წელი იქნება უფრო ბედნიერი, უფრო კარგი, მოხდება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სულშიც, ჩვენ ცხოვრებაშიც და ჩვენ საღვთისმსახურო და სულიერ ცხოვრებაშიც. ღმერთმა გაგვიმართლოს ეს იმედები. მოგვმადლოს უფალმა ამ იმედების გამართლება. დღეს ასევე იწყება სასწავლო წელიც ჩვენს სასულიერო აკადემიაში, სასულიერო სემინარიაში, სხვა სასულიერო სასწავლებლებში. ხვალიდან კი საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში  იწყება სწავლა. გილოცავთ ამ დღეს ყველას. დღეს ჩვენ აღვავლინეთ ლოცვები იმისთვის, რომ ვთხოვოთ უფალს მადლი და შეწევნა ამ სასწავლო წლისთვის. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე. როგორც გვასწავლის ჩვენ წმინდა წერილი, მთავარი სიბრძნე არის თვით სიბრძნის მოხვეჭა, მისი მოხვეჭა უმჯობესია ყოველგვარი ოქროსა თუ ვერცხლის მოხვეჭაზე. თუ ჩვენ გვინდა, მივიღოთ ნამდვილი განათლება და მოვიპოვოთ სიბრძნე, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონებისა თუ მეხსიერების განვითარებით. ესეც, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს. ეს არის სულიერი განვითარება, რაც არის სწორედ სიბრძნე. როდესაც განათლების დროს ხდება უგულვებელყოფა ამ მიმართულების, ეს არის ძალიან საზიანო, რადგან ადამიანს თუ არა აქვს კეთილი გული, მისი ცოდნა უნაყოფო ხდება და საზიანო, სახიფათოც ხდება და ვაი იმ ადამიანს, ვინც შეიძენს დიდ ცოდნას, მაგრამ დაიცარიელებს თავის სულსა და გულს. ცოდნის მიღებასთან ერთად, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭაზე. მათ გარეშე არანაირი სიბრძნე ჩვენთან არ მოვა და ამის გარეშე რაც არ უნდა დიდი ინტელექტის ადამიანი იყოს, რაგინდ დიდი განათლება ჰქონდეს, სულიერად მაინც ბრმა რჩება ასეთი ადამიანი და უშვებს დიდ შეცდომებს, რაშიც ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ უნდა მივიღოთ არა მარტო ცოდნა, არამედ ნამდვილი განათლებაც. ეს არის ქრისტეს ნათლით განათლება, ეს სინათლე უნდა შემოვიდეს ჩვენს გულში, ჩვენს სულში და სიკეთე უნდა სუფევდეს ჩვენ სულში. მაშინ ჩვენ გავახარებთ ღმერთსაც, გამოვადგებით სამშობლოსაც და დავეხმარებით ადამიანებსაც“, – განაცხადა შიო მესამემ.

ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას თავისი წინამორბედი ილია მეორე გაიხსენა და აღნიშნა, რომ წელს არის პირველი საეკლესიო ახალი წელი, რომელსაც მის გარეშე ხვდება მრევლი.

„გვახსენდება, რომ სწორედ ამას გვიქადაგებდა მისი უწმინდესობა. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ განათლებაში არის უმთავრესი სულიერი განათლება და გულის სიწმინდე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ახალ საეკლესიო წელს, სწავლის დაწყებას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს ეს ახალი წელიწადი, მშვიდობით, სიკეთით, სიყვარულით, ძვირფასო ბავშვებო, ძვირფასო სტუდენტებო, პედაგოგებო, ღმერთმა დალოცოს თქვენი შრომა, თქვენი სწავლა, თქვენი მეცადინეობა და მოგმადლოთ როგორც ამქვეყნიური ცხოვრებისეული სიბრძნე, რაც ძალიან საჭიროა, ასევე რაც კიდევ მეტად საჭიროა, სულიერი სიბრძნითაც აღგავსოთ“, – განაცხადა შიო მესამემ.

მსგავსი