შიო ხეცურიანი: "ფედერაცია არჩევნების გაყალბებას ცდილობს"
შიო ხეცურიანი: "ფედერაცია არჩევნების გაყალბებას ცდილობს"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, კალათბურთის ფედერაცია არჩევნების გაყალბებას ცდილობს. მიმდინარე წელს შეიქმნა საქართველოს კალათბურთელების გაერთიანება, რომელშიც 64 ქართველი კალათბურთელი გაწევრიანდა, თავმჯდომარე კი საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე გახლავთ. გაერთიანებამ ეროვნულ ფედერაციას და გამგეობას წერილით მიმართა, სადაც ეროვნულ ფედერაციაში სრულუფლებიან წევრად დარეგისტრირება და არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნა ფედერაციამ არ დააკმაყოფილა. მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე კალათბურთელთა კავშირის გაწევრიანების უფლება, ფედერაციის წესდების გათვალისწინებით არ ჰქონდათ.

შიო ხეცურიანი (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი)- „კალათბურთელებს ჩამოართვეს თავიანთი პოზიციის გამოხატვის უფლება. ამ კალათბურთელებში არიან მოთამაშეები როგორც სუპერლიგიდან, ასევე სხვადასხვა კლუბიდან. ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობა ცდილობს არჩევნების გაყალბებას. ჩვენმა იურისტებმა რამდენჯერმე მიმართეს ფედერაციას, გაესაჯაროებინა ხარჯები, კალათბურთელთა სია, მაგრამ პასუხიც არ გაგვცეს.
ბავშვთა კალათბურთი არის ცუდ მდგომარეობაში, სუპერლიგა არის საშინელ დღეში. ნაკრები აჩვენებს კარგ შედეგებს, თუმცა პოპულარიზაცია კალათბურთის არ ხდება. ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ქართული კალათბურთისთვის არაერთი საზიანო გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითია “ბასკონია”, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორი ხელშეკრულება არ უნდა გააფორმო. არ შეიძლება საუკეთესო ბავშვები გავუშვათ ბასკონიაში და ამაშიც მილიონები ვიხადოთ. მსურს მასობრიობის გაზრდა, მოთამაშეების რაოდენობის გაზრდა, მსაჯების კვალიფიცირება და ფინანსების სწორი მართვა. კალათბურთი უნდა იყოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

უსამართლობაა, რომ კოტე ტუღუში გამოუშვეს ნაკრებიდან. უსამართლობაა, რომ” ქუთაისი” დაიჩაგრა და ჩვენი მხარდაჭერის გამო არ გადაერიცხათ თასის ფინალის 50 000 ლარი.

პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა პაატა გურასპაულმა პირდაპირ ეთერში იცრუა. მან თქვა, რომ ის არ არის ფედერაციის კანდიდატი. კანონი სიცრუეს არ კრძალავს, მაგრამ მორალი და ზნეობა არეგულირებს.

ვფიქრობ რომ ჩვენ ამ არჩევნების და ჩვენი გეგმების განხორციელებას შევძლებთ.“

გიორგი ცინცაძე (საქართველოს კალათბურთელთა გაერთიანების თავმჯდომარე)- „მე მჯერა რომ შიო ის ადამიანია, ვინც ყველაფერს გააკეთებს ქართული კალათბურთის გადასარჩენად. მე 15 წელია ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ და თუ მოვა ადამიანი და მეტყვის, რომ კალათბურთი კარგად არის, ნამდვილად გამეცინება და ავუხსნი იმ ადამიანს, რომ ასე არ არის. შარშან მოვიგეთ თასი. მაშინ “ქუთაისში” ვთამაშობდი და თასის მოგების შემდეგ კუთვნილი თანხა ფედერაციამ არ ჩაგვირიცხა. ამის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ეს კავშირი, რათა დაგვეცვა ჩვენი უფლებები.

 

კალათბურთელთა გაერთიანების ბრალდებებს ფედერაციის პრეზიდენტმა უპასუხა:

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ფედერციის პრეზიდენტი)- „ 15 მაისს გაიმართა გამგეობის სხდომა, სადაც დღის წესრიგის მეორე საკითხი გახლდათ 2017 წელს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სრულუფლებიან წევრებად დარეგოსტრირების წესის განხილვა.

როგორც ცნობილია, 2017 წელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის საარჩევნო წელს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამგეობის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, იმ მიზნით, რომ თავიდან აცილებული იქნას ახალი გამოცდილებისა და ისტორიის არმქონე ორგანიზაციების ხელოვნურად არჩევნებისთვის დაფუძნება და სხვა, უკვე არსებული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრი ორგანიზაციების საქმიანობების ხელოვნური დუბლირება.

2017 წლის 15 მაისის შემდგომ დაფუძნებული ორგანიზაციების განცახდებები ფედერაციის სრულუფლებიან წევრებად დარეგისტრირების შესახებ, განხილული იქნება საქართველოს ეროვნული ფედერაციის საარჩევნო ყრილობის შემდგომ, წესდებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. გამგეობის ყველა წევრი დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას . ეს იყო ის მიზეზი რის გამოც ჩვენ ვერ დავარეგისტრირებდით კალათბურთელთა კავშირს.

წინა საარჩევნო პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ შესაძლოა მეც დავაყენო კანდიდატურა და კვლავ მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.”

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. ამ დროისთვის ოფიციალურად პრეზიდენტობის 3 კანდიდატია დარეგოსტრირებული: შიო ხეცურიანი, პაატა გურასპაული და კახა შენგელია.