შინდისში დაღუპულ გმირებს იხსენებენ [ფოტო]
შინდისში დაღუპულ გმირებს იხსენებენ [ფოტო]

დღეს 2008 წლის ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირებს იხსენებენ. შინდისის გმირთა მემორიალთან მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან. გმირთა მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და სამხედროების გმირობის ისტორიას იხსენებენ. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი წირვა აღსრულდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა მიაგეს პატივი და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგეს.

მ​ემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სპეციალური ბანერი, რომელზეც ასახულია 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია. ბრინჯაოს ძეგლის ასაგებად მილიონ ლარამდეა მობილიზებული. საქართველოს მთავრობამ 530 000 და თავდაცვის სამინისტრომ 400 000 ლარი გამოყვეს.

მემორიალთან შეკრებილებს დღეს მემორიალის მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძემ ძეგლის კონცეფციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად ქართველ გმირებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გაიხსენებენ.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.